მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის ციხის ტურისტული პოტენციალი - რა სამუშაოები მიმდინარეობს ისტორიულ ციხეზე

გორის ციხე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა. ისტორიულ ძეგლზე უკვე მეორე წელია არქეოლოგიური და ციხის კედლების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, მიშა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ იმ ქონების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გადაცემა, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა, მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, გორის ციხის ქალაქისთვის საკუთრებაში გადაცემა პრეცედენტი არ უნდა იყოს და სხვა ქონებაც მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა მიიღოს.

“გორისთვის ოფიციალურად გადმოცემა ამ ძეგლის, მხოლოდ პათოსურ დატვირთვას როდი ატარებს, ეს არის ჩვენი ქალაქის ტურისტულად განვითარების კარგი შესაძლებლობა. როდესაც ტურისტი გორში ჩამოდის, ხშირ შემთხვევაში ის ერთ დღეზე მეტ ხანს არ ჩერდება, იმიტომ რომ არ არის არც გასართობი, არც სანახაობრივი ადგილი, რომ ტურისტს უღირდეს გაჩერება“, - ამბობს მიშა ჩიტაძე.

გორის ციხის მოვლა - პატრონობისთვის ყოველთვის ადგილობრივი ხელისუფლება ზრუნავდა. გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ისტორიული ძეგლის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა ხარჯებს არ გაზრდის

“ციხის მოვლა - პატრონობა ისედაც ჩვენი ვალდებულება იყო. დაცვის თანხასაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვიხდიდით. ახლა შევხედავთ, ამ პროექტების განხორციელების შემდეგ რა თანხა დაიხარჯება. ჯერ არ არის ეს ყველაფერი დაანგარიშებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანახაობრივად მიმზიდველი გავხადოთ ტურისტებისთვის“, - ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.

გორის ციხეზე მასშტაბური ტურისტული პროექტის განხორციელება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების ბაზაზე სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეები.

ციხის ფერდობებზე, 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების შემორჩენილ კედლებზე კი სასტუმროები, სავაჭრო დახლები, დუქნები და ხალხური რეწვის სახელოსნოები ძველი განაშენიანების ხასიათითა და მასშტაბით განახლდება.

ამჟამად, ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში გორის ციხის გარშემო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 886 times Last modified on ივნისი 07 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი