მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

მოულოდნელად შეჩერებული დახმარების პროგრამა - დეპუტატების პრეტენზიები გორის საკრებულოში

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ადამიანებისთვის 100 ლარიანი დახმარების გაცემა ერთ თვეში ისე შეჩერდა, რომ შესაძლო ბენეფიციარებს პროგრამის ამოქმედების და შემდეგ უკვე დასრულების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ფაქტმა გორის საკრებულოს დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია.

საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ასმათ ტალახაძე ამბობს, რომ მერიის მიერ გამოყოფილი 100 ლარიანი დახმარებით მის სოფელში მხოლოდ ერთმა ადამიანმა ისარგებლა. მისივე თქმით, სხვა მცხოვრებლებს უბრალოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მერია სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას უწევდა.

“ჩემს სოფელში სამი ოჯახი შევარჩიე, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებდა ამ დახმარებას. აღმოჩნდა ისე, რომ ეს ხალხი დამრჩა დახმარების გარეშე. დამიკავშირდა ჩემი წარმომადგენელი, მივედი და ეს თემები გავიარე დეტალურად სპეციალისტებთან ერთად. მე მეგონა, რომ ყველა დოკუმენტი გადმოგზავნილი იყო, არ ვიცოდი, თუ ოქმი უნდა შეედგინათ და საჭირო იყო ჩემი ხელის მოწერა. ეს ჩემთვის არავის არ უთქვამს“, - ამბობს ასმათ ტალახაძე.

მერის წარმომადგენელს მეჯვრისხევის თემში, ლექსო ბუჯიაშვილს დეპუტატის შენიშვნა არასერიოზულად მიაჩნია.

“საკრებულოს წევრია და კანონმდებლობას ეგენი ადგენენ, მსგავს ფაქტს არ ვადასტურებ , ეს არასერიოზული არგუმენტია“, - აღნიშნა ლექსო ბუჯიაშვილმა

ფრაქციის "ძლიერი გორი" თავმჯდომარე ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, რომ ბენეფიციარების ინფორმირებაზე პასუხისმგებელი საკრებულოს მაჟორიტარია.

“მხოლოდ მაჟორიტარს შეეძლო მოქალაქისთვის რეკომენდაციის გაწევა, სხვას არავის. "ქართული ოცნება" როგორ გასცემს დახმარებებს და სხვადასხვა სიკეთეებს, ეს კარგად ვიცით“, - თქვა ვასილისა ჯაბახიძემ.

სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ჩიხრაძე განმარტავს, რომ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ როგორც მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში , ასევე საკრებულოს დეპუტატებს.

“ინფორმაცია გამოცხადებული იყო ოფიციალურ საიტზე. ეს ინფორმაცია ჰქონდათ როგორც საკრებულოს დეპუტატებს, ასევე მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულში. მათი ვალდებულება იყო, რომ მოსახლეობისთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინათ აღნიშნულ პაკეტთან დაკავშირებით.

ამ მომსახურებით 187 ბენეფიციარმა ისარგებლა. თვითონ წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, შემდეგ უკვე მერი აწერდა ხელს“, - გვითხრა დავით ჩიხრაძემ

სოციალური პროგრამა გულისხმობდა ისეთ ადამიანების დახმარებას, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან და არ აქვთ არანაირი დახმარება სახელმწიფოსგან. ბენეფიციარებს შეეძლოთ დახმარება მიეღოთ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტში 18 800 ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც ერთ თვეში გაიხარჯა, ამიტომ გორის მერიამ პროექტი შეაჩერა.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 972 times Last modified on ივნისი 05 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი