მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის მერიას სურს მეოთხე რანგის სპეციალისტები მესამე რანგისებით ჩაანაცვლოს

გორის მუნიციპალიტეტის მერი მეოთხე რანგის სპეციალისტის სტატუსის გაუქმებას ითხოვს, - ამის შესახებ საკრებულოში დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ მერის მოთხოვნა მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯებს გაზრდის.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიას ტრადიციად ექცა ყველა საკრებულოს სხდომაზე გამონაკლისის დაშვება ითხოვოს, კიდევ ერთი თანამშრომლის დანიშვნაზე. დღევანდელი ბიუროს სხდომაც არ ყოფილა გამონაკლისი. უფრო მეტიც, მეოთხე რანგის სპეციალისტს აუქმებენ და გადაჰყავთ მესამე რანგის სპეციალისტად. ამით არაფერი არ იცვლება, გარდა იმისა, რომ ხარჯები ემატება, რადგან ამ ადამიანის დაწინაურება ხდება“, - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა იკითხეს, თუ რატომ გახდა საჭირო ცვლილება ან რა ფუნქცია-მოვალეობები შეეცვლება მესამე რანგის სპეციალისტს. ამასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმძდომარეს, დავით რაზმაძეს სრული ინფორმაცია არ აქვს. 

“ზუსტი ინფორმაცია მე არ მაქვს.  მოვიწვიოთ საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი და იქ გააკეთოს განმარტება“, - თქვა დავით რაზმაძემ

აღნიშნულ საკითხზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ მესამე რანგის სპეციალისტს მეტი კვალიფიკაცია მოეთხოვება.

“რანგის ცვლილება განპირობებულია იმით, რომ მოხდეს უფრო კვალიფიციური კადრის შერჩევა. მესამე რანგის სპეციალისტს მეოთხე რანგის სპეციალისტთან შედარებით მეტი კვალიფიკაცია მოეთხოვება“, - თქვეს გორის მერიაში.

რადიო "მოზაიკა" რანგის ცვლილების მნიშვნელობაზე გორის მერიის კადრების განყოფილების წარმომადგენელ ირმა გოგიაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, რანგის ცვლილება ფუნქცია-მოვალეობების შეცვლასაც გულისხმობს. 

"მესამე რანგის კატეგორია, მეოთხესთან შედარებით, უფრო მეტ ფუნქციას ასრულებს. მესამე რანგზე კადრების გადაყვანა გულისხმობს მეტ მოვალეობას და შესაბამისად, უფრო მაღალ ხელფასს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, კონკურსი გამოცხადდება და ამ კატეგორიას ისე შეემატება კადრები. მეოთხე კატეგორიას საერთოდ გააუქმებენ თუ რას იზამენ, საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი", - გვითხრა გოგიაშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოთხოვნა, გაუქმდეს მეოთხე რანგის სპეციალისტი და ჩანაცვლდეს მესამე რანგის სპეციალისტით, ბიუჯეტის ცვლილებასაც მოიაზრებს. კერძოდ, ამ რანგის გაუქმებით გამოთავისუფლებულ პოზიციებს თუ მესამე რანგის სპეციალისტები დაიკავებენ, თითოეული მათგანის შრომის ანაზღაურება ბიუჯეტს თვეში 250 ლარით მეტი დაუჯდება.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატები 12 აპრილს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1706 times Last modified on აპრილი 06 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გაიხსენე ისტორია

No result.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი