ახალი ამბები

"მოზაიკას" სტატიის შემდეგ, დაზიანებული ქუჩა გორის მაჟორიტარმა მოინახულა

შარტავას ქუჩაზე არსებულ პრობლემას გორის მაჟორიტარი დეპუტატი დღეს ადგილზე გაეცნო.

დაზიანებული გზის მონაკვეთი იოსებ მაკრახიძემ "მოიზაკას "გადამღებ ჯგუფთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილობრივებისგან პირადად გაეცნო.

მოსახლეობის ინფორმაციით, გორის მერიას ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც გაირკვა, მათ მხოლოდ თანადაფინანსებას დაპირდა. შარტავას ქუჩაზე მაცხოვრებლებისთვის კი, განსახორციელებლი სამუშაოებისთვის საჭირო თანხის ნაწილის შეგროვებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ისინი ხელისუფლებას ფინანსური რესურსის გამონახვას ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდნ სთხოვენ.

"7 წელია, ამ ქუჩაზე ეს პრობლემაა. ჯერ კიდევ ზურა ჯირკველიშვილის მერობის პერიოდში, მოვითხოვეთ ყურადღება, თუმცა მხოლოდ ის ვიცით, რომ თანხის ნაწილი ჩვენ უნდა შეგვეგროვებინა. ამას ვერ შევძლებდით, რადგან აქ მაცხოვრებლების უმრავლესობა უმუშევარია. წვიმიან ამინდებში აქ გავლა ფაქტიურად შეუძლებელია და სარდაფები გვეტბორება. იქნებ ახლა მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება", - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა დეპუტატთან საუბრისას.

jiuli makro da trialetiii gori

პარლამენტარმა იოსებ მაკრახიძემ აღნიშნული პრობლემის შესახებ რადიო "მოზაიკასგან" შეიტყო. მოსახლეობასთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ რეკომენდაციით გორის მერს მიმართავდა და შარტავას ქუჩის პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ზომებს მიიღებს. იოსებ მაკრახიძე ფიქრობს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია წელსაც შესაძლებელია.

"მე ეს ამბავი თქვენგან შევიტყვე, ამიტომ გადავწყვიტე თქვენთან ერთადვე მოვსულიყავი ამ ქუჩაზე და ერთად გაგვეგო მოსახლეობისგან, რა პრობლემა აწუხებდათ. ვხედავთ, რომ ქუჩა დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. უნდა გაკეთდეს პროექტი და შესაბამისი სამუშაოები შესრულდეს. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, შევეცდები წელსვე მოუგვარდეთ აქ მაცხოვრებლებს დაზიანებული გზის პრობლემა", - აღნიშნა ადგილზე მისულმა იოსებ მაკრახიძემ.

შარტავას ქუჩაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკამ" გუშინ გაავრცელა, სადაც ოპოზიცია გორის მერს და მაჟორიტარ დეპუტატს საკითხის შესწავლას და საჭირო ზომების მიღებას სთხოვდა.

ამავე თემაზე: გორში, შარტავას ქუჩაზე ხალხი ტივს ითხოვს - ოპოზიციის კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი

მერიაში განმარტავენ, რომ ინფრასრტრუქტურულ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ, თუმცა წელს სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებული ქუჩების ჩამონათვალში გორის მერიას შარტავას ჩიხი არ ფიქსირდება.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2873 times Last modified on მარტი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი