მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

აყრილი ფილები საფეხმავლო ბილიკებზე - რას გეგმავს გორის მერია

გორში, წვიმის დროს, მოქალაქეებს გადაადგილება გუბეებისა და დაზიანებული ფილების გავლით უწევთ. ეს საკითხი განსაკუთრებით ფეხით მოსიარულეებს აწუხებთ.

 

დაზიანებული ტროტუარების პრობლემა თვალსაჩინო ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზეა. სტალინის გამზირი ერთ-ერთია იმ ქუჩებიდან, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოძრაობს.

ნათია მეგრელიშვილი ქალაქში ძირითადად ფეხით გადაადგილდება. ამბობს, რომ ცუდ ამინდში ხშირად ტროტუარიდან, მანქანის სავალ გზაზე გადასვლა უწევს.

“როცა რაიონში მივდივარ და სწრაფად სიარული მიწევს, რომ ტრანსპორტს მივუსწრო, ხშირად ხდება, რომ ფეხი ან ორმოში მივარდება, ან დაზიანებულ ფილას ვადგავ და ფეხსაცმელზე კი არა, ტალახი ტანსაცმელზეც მედება. რა თქმა უნდა, ძნელია წინასწარ განსაზღვრო, რომელია დაზიანებული ფილა, რომ აერიდო და ისე გაიარო. მსგავსი პრობლემა, თითქმის ყველგანაა, განსაკუთრებით ჭავჭავაძისა და სტალინის ქუჩაზე“,  -  ამბობს ნათია.

dazianebuli filebi gori tibisi banki

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოუწესრიგებელ ტროტუარებზე, გორის საკრებულოს წევრებიც საუბრობენ. საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან“ ვასილისა ჯაბახიძემ ამ საკითხზე ყურადღება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზეც გაამახვილა.

კარგია, რომ ქუჩების რეაბილიტაცია იგეგმება, მაგრამ კარგი იქნებოდა ჯერ ცენტრალური ქუჩებისთვის მიეხედათ. მაგალითად, ჭავჭავაძის ქუჩაზე რომ ფილებია აყრილი, წვიმის დროს გუბეები დგება და გადააგილება ჭირს“, - აღნიშნა ჯაბახიძემ.

გორის მერიაში ამბობენ, რომ წლის ბოლომდე ქალაქის მასშტაბით ტროტუარებზე ახალი ქვაფენილი დაიგება. მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის ტარიელ მაისურაძის თქმით, საფეხმავლო გზების რეაბილიტაცია რამდენიმე ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს.

“სტალინის გამზირის მთლიანი რეაბილიტაცია გვაქვს წელს დაგეგმილი. ვამზადებთ პროექტს ამასთან დაკავშირებით. ტროტუარზე დაიგება მაღალი ხარისხის ქვაფენილი. ვიცით, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე, გარკვეულ მონაკვეთებზე არის დაზიანებული ქვაფენილი და უახლოეს მომავალში, ჩვენი სამსახური იზრუნებს ამ პრობლემის მოგვარებაზე“, - განაცხადა ტარიელ მაისურაძემ.

2019 წლის დასაწყისში, გორში სხვადასხვა ინფრასტრუქურული სამუშაო ჩატარდა, მათ შორის, რამდენიმე ქუჩის საფეხმავლო გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გამოიცვალა ფილები.

გორის მერიაში ამბობენ, რომ ტროტუარები, ქუჩების სრულ რეაბილიტაციასთად ერთად, წლის ბოლომდე მოწესრიგდება.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2326 times Last modified on მარტი 26 2019

გაიხსენე ისტორია

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი