მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა - განსახილველი 4 საკითხი და მიღებული გადაწყვეტილებები

დღეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს. პირველი საკითხი 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს ეხებოდა. ცვილებების მიხედვით, 2018 წლის ბიუჯეტიდან შემორჩენილი თანხას 1 863 145 ლარს დაემატა სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიღებული თანხა, რომელიც ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურასა და ქუჩების სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება. 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განმარტებით, 2 750 131 ლარი გადანაწილდა ქალაქის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე. ქალაქში დამონტაჟდება კამერები და დაიხაზება გზები.

“განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ქალაქი ხარისხიანად დაიხაზება, რაც უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. კამერები განთავსება მთელი ქალაქის მასშტაბით და კრიმინალი ნაკლებად დააზიანებს ჩვენი მოსახლეობას“, - აღნიშნა დავით რაზმაძემ

რიგგარეშე სხდომაზე მეორე საკითხად, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო მოქალაქეების რეგისტარიასა და დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფის წესში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელეს. ცვლილებების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის კრიტერიუმები განისაზღვრა.

“დროებითი საცხოვრისის უზრუნველყოფისთვის უსახლკაროდ რეგისტრირებულ პირთა რიგითობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებული შეფასების ქულების საფუძველზე. ბენეფიციარის საცხოვრისში შესახლების პრიორიტები ენიჭება სამუშაო ჯგუფის მიერ მინიჭებულ ყველაზე მაღალი ქულის მქონე ოჯახს. ქულათა თანაბარი რაოდენობების შემთხვევაში, გაიმართება კენჭისყრა სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის და დაკმაყოფილდება ბენეფიციარი, რომელიც მიიღებს ხმათა უმრავლესობას. თანაბარი რაოდენობის ხმების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭოს უფროსის გადაწყვეტილებას“, - ვკითხულობთ დადგენილებაში, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.

 

მესამე საკითხი ეხებოდა, საქართველოს რეგიონებში განასახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით გორის მუნივიპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კერძოდ, ქალაქ გორში, ქუჩების სავალი და საფეხმავლო ნაწილების რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, 7 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. 

ამავე თემაზე: გორში 7 ქუჩა მოპირკეთდება - ქუჩების ჩამონათვალი

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა ენმ - ს წევრ ვასილისა ჯაბახიძეს.

“გორში ქუჩების რეაბილიტაცია კარგია, მაგრამ ჭავჭავაძის ქუჩაზე რომ ფილებია აყრილი, წვიმის დროს ქუბეები დგება და გადაადგილება ჭირს იქნებ ამისთვის მიგეხედათ“, - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ ახალ პროექტში აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია არ იგეგმება

სხდომაზე ბოლო საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას ეხებოდა. განკარგულების მიხედვით, სოფელ ნიქოზში, გმირთა მემორიალი მოეწუყობა, რისთვისაც 500 კვ. მეტრი ფართი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა და იქ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების და ადგილობრივების გმირთა მემორიალს მოაწყობს. მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება სკვერის მოწყობაც.

ამავე თემაზე: შსს ნიქოზში პოლიციელების და ადგილობრივების გმირთა მემორიალს მოაწყობს

"2019 წლის 04 თებერვალს გორის მუნიციპალიტეტის მერმა წერილით მიმართა გორის კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულს, რომელსაც ერთვოდა სოფელ ნიქოზში მოსახლეობის კოლექტიური განცხადება. განცხადებით სოფლის მოსხლეობა ითხოვს, სოფელ ნიქოზში მოეწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისთვის და ადგილობრივების გმირთა მემორიალი. 2019 წლის 08 თებერვალს გორის კასპის, ქარელის დახაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულმა წერილით მიმართა შსს -ს. წერილში აღნიშნულია, რომ გორის მუნიციპალიტერტს სოფელ ნიქოზს საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი, სადაც შესაძლებელია სკვერის მოწყობა. ვინაიდან მუნიციპალიტეტს არ აქვს შესაბამისი ფინანსური რესურსი, შსს- ს მიმართავს თხოვნით შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება", - ვკითხულობთ განკარგულებაში, რომელიც საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა და რომლითაც მემორიალის ასაშენებლად გამოყოფილი ფართი სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა.

აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2262 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი