მონიტორინგი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის

რა ფორმითაა ჩართული საზოგადოება გორის ხელისუფლების მუშაობაში

დემოკრატიული მმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეები იყვნენ ჩართულები. ამის ერთ-ერთი გზა საკრებულოს საქმიანობაში საზოგადოების ჩართვაა.

ადგილობრივების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა ფორმით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მისთვის მნიშვნელოვანი საკითხ(ებ)ის განხილვაში.

“არ ვიცი, მაქვს თუ არა საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლება, არ დავინტერესებულვარ ამ საკითხით", - ამბობს 27 წლის ელიზა შატაკიშვილი.

ის გორში ცხოვრობს, თუმცა არ იცის, თუ როდის განიხილა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. ამის შესახებ ინფორმაცია არც 32 წლის მირანდა ბზიშვილს აქვს.

“საკრებულოს სხდომა თუ ღია და საჯაროა, არ ვიცი, არასოდეს დავინტერესებულვარ“.

წინა რესპოდენტებისგან განსხვავებით, ავთანდილ ბიბილაშვილი საკრებულოს რამდენიმე სხდომას დასწრებია და დეპუტატებთან საკუთარი ინიციტივებიც გაუჟღერებია.

“დავსწრებივარ საკრებულოს სხდომებს და ინიციატივებიც მქონია, ახალგაზრდულ თემებზე. ვიცი, რომ სხდომები არის საჯარო და ნებისმიერ ადამიანს აქვს დასწრების უფლება“, - ამბობს ავთო. ის 25 წლისაა.

ავთოსგან განსხვავებით, საკრებულოს სხდომებზე დასასწრებად ოფიციალური მიწვევა ეგონა საჭიროდ 28 წლის გიორგი კასრაძეს.

“რამოდენიმეჯერ ვიყავი საკრებულოს სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. დასწრება თუ ყველა მსურველს შეუძლია. არ ვიცი, მე მგონია, რომ საკრებულომ უნდა მიმიწვიოს“, -  გვითხრა გიორგიმ.

რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში, მოქალაქეები ამბობენ, რომ თუკი დემოკრატიული მმართველობა ქვეყნის არჩევანია, მაშინ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მათივე თქმით, ეს უშუალოდ მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა იქნება.

gori xalxi da xelisuflebaaa

ამ საკითხზე საუბრისას, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდებიან და საკრებულოს მუშაობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.

“გვაქვს ფეისბუქ გვერდი, საიტი, ვხვდებით მოქალაქეებს ყოველდღიურად. ყველანაირად ვცდილობთ მოსახელობა ჩავრთოთ საკრებულოს მუშაობაში“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დათო რაზმაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საკრებულოს სხდომებს მოქალაქეები იშვიათად ესწრებიან.

„რამდენიმე სხდომას დაესწრნენ სტუდენტები და ალბათ ისინიც იმიტომ, რომ უნივერსიტეტში სწავლობენ და თვითმმართველობის საკითხები აინტერესებთ. უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მიზნით, ვერ ვიხსენებ, ბოლოს როდის იყვნენ მოქალაქეები სხდომაზე მოსულები. მახსოვს დეკემბერში იყვნენ ცხოვეთა უფლებადამცველები მოსულები, სხვა მსგავსი არ მახსენდება“, - გვითხრა რაზმაძემ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ მოქალაქეთა გააქტიურება მხოლოდ საკრებულოს საზრუნავი არ არის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდაზე მერიამაც უნდა იზრუნოს.

„საკრებულომ და მერიამ ერთობლივად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ მოქალაქეები ჩართულები იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენთას ასე არ ხდება და ძირითადად, მოქალაქეები სულ ბოლოს იგებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უშუალოდ მათ ქალაქს, სოფელს ან უბანს ეხება. წესით, უნდა ტარდებოდეს საერთო კრებები, სადაც მოქალაქეთა საჭიროებებს, პრობლემებს და განწყობებს გაიგებს ხელისუფლება და საკუთარ საქმიანოასაც ამის მიხედვით დაგეგმავს“, - გვითხრა საიას გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა.

ამ საკითხზე რადიო „მოზაიკა“ გორის მერიასაც დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გვითხრა, რომ მერი მოქალაქეებს ყოველდღიურად ხვდება და ერთის მხრივ, მათ პრობლემებს ეცნობა და მეორეს მხრივ, მათ გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ნათია მდინარაძის თქმით, მოქალაქეთა გააქტიურებას მერია ინტრენეტში ინფორმაციის გავრცელებითაც ცდილობს.

„24-საათიან რეჟიმში მუშაობს მერიის ცხელი ხაზი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ გზით სასურველი ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს მერიაში, სადაც მას საკითხის გარკვევაში ან თავად მერი, ან მისი მოადგილეები ან კიდევ სამსახურის უფროსები დაეხმარებიან. მოქალაქეების გააქტიურებისთვის ვიყენებთ სოციალურ ქსელებსაც და ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობის შესახე ინფორმაცია ოპერტიულად მივაწოდოთ საზოგადოებას“,  - გვითხრა ნათია მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ამბობს, რომ მერიის და საკრებულოს მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული გვერდები მოქალაქეთა გააქტიურებას კი არა, ამ უწყებების პიარს ემსახურება.

„ამ გვერდებზე მე არ შემხვედრია გამოკითხვა, რომელშიც მოქალაქეებს მონაწილეობის მიღება შეეძლებოდათ და რომელიც მაფიქრებინებდა, რომ გორის მერია და საკრებულო ამით ცდილობს, საზოგადოების აზრი გაიგოს ან მოქალაქეები გადაწყვეტილბის მიღების პროცესში ჩართოს. რასაც ვაკვირდები, ძირითადად, უკვე ჩატარებული ღონისძიბების და მიღებული გადაწყეტილბებების შესახებ დებენ მასალებს, რაც ამ უწყებების პიარს უფრო ემსახურება“, - გვითხრა ლექსო მერებაშვილმა.

იურისტების თქმით, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავებისთვის, მნიშვნელოვანია, ხშირი და ეფექტიანი კომუნიკაციის ქონა საზოგადობასთან. რადიო "მოზაიკასთან" საუბარში მათ რამდენიმე რეკომენდაციაც გააჟღერეს:

1. ჩატარდეს საერთო კრებები, რომლებზეც მოქალაქეების ინიციატივების მოსმენა და შემდეგ მათი დამუშავება მოხდება;

2. სოციალურ ქსელში გაკეთებულ გვერდებზე დაიდოს გამოკითხვები, რომლებიც გორის მერიას და საკრებულოს საზოგადოების აზრის და საჭიროებების გაგების საშუალებას მისცემს;

4. დასამტკიცებელი პროექტები წინასწარ ეცნობოთ მოქალაქეებს და მათი აზრის გაგების შემდეგ გადაეგზავნოს ისინი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

5. საკრებულოს სხდომაზე გასატანი საკითხების შესახებ წინასწარ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ეცნობოთ მოქალაქეებს.




პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2511 times Last modified on მარტი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი