Back to Top
ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 17:33

2020 წელს გორის 115 სოფლისთვის 1 596 000 ლარი დაიხარჯება

გარეგანათების მოწყობა, შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა - რეაბილიტაცია, სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა, საბავშვო ბაღების შენობებისა და ეზოების რეაბილიტაცია, მინისტადიონების მოწყობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.

პროგრამის შემდეგი ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით შერჩეული ინიციატივების პროექტირებას ითვალისწინებს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერები და დაიწყება სამუშაოები.

 

პროგრამა, რომლის განსახორციელებლადაც თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, სოფლებში 10 - დან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალიწინებს.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში 2020 წელს გორის მუნიციპალიტეტის 115 სოფლისთვის 1 596 000 ლარი გამოიყო. თითოეულმა სოფელმა თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

 

სოფელი, სადაც 200-მდე ადამიანი ცხოვრობს 10 000 ლარით დაფინანსდა. 12 000 ლარი მიიღეს იმ სოფლებმა, რომლების მოსახლეობის რაოდენობაც 200-დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი გამოიყო იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 400-დან 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლები, რომლებიც 1000 - ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, მიმდინარე წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 733 times Last modified on ორშაბათი, 10 თებერვალი 2020 17:38