Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2020 16:49

ომგამოვლილი ადამიანები და ფსიქორეაბილიტაციის საჭიროება

დარგის სპეციალისტების საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსების ჩატარების საჭიროებაზე საუბრობენ. 

 

ნინო ლაბაძე ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად შეესწრო გორის დაბომბვას. ის და ბავშვები ვერხვების დასახლებაში იმყოფებოდნენ იმ დროს, როცა რუსულმა ავიაციამ სუხიშვილის ქუჩა დაბომბა. ომის დღეებში მიღებული ფსიქოლოგიური სტრესის გამო, მანც ქალაქის დატოვება გადაწყვიტა. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა.

 

"პირველ წლებში ბავშვების ფსიქორეაბილიტაციას ვცდილობდი. ახალი წელი რომ მოვიდა და ფეიერვერკები გაისროლეს, ბავშვებს საშინელი რეაქცი ჰქონდათ ხმებზე, ასევე მტვერსასრუტის ჩართვასაც ვერიდებოდი მაშინ, რადგან მისი ხმა ბავშვებისთვის თვითმფრინავის ხმასთან ასოცირდებოდა. დროთა განმავლობაში, ბავშვებს გადაუარა, რადგან მაშინ ერთი თვეების იყო, მეორე კი 2 წლის. ახლა დიდები არიან და დეტალები აღარ ახსოვთ. ფსიქოლოგი არ დაგვჭირვებია, მაგრამ მიღებული სტრესი მართლაც სერიოზული იყო", - ამბობს ნინო ლაბაძე.

 

 

ომგამოვლილ ბავშვებთან და მათ მშობლებთან, 2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გორელი ფსიქოლოგებიც მუშაობდნენ. მათ შორის ერთ-ერთი მარიამ გოჩიაშვილი იყო. ის ამბობს, რომ იმ პერიოდში დღის ცენტრები არსებობდა და ბავშვებთან იქ მუშაობდნენ. უფროსებს კი ომისგან მიყენებული ტრავმის დასაძლევად ახალბაღის ტერიტორიაზე გაშლილ "კარვების ქალაქში" აკითავხდნენ.

 

"მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა, იმდროინდელმა ტრავმამ შესაძლოა რაიმე სახით ისევ იჩინოს თავი მოსახლეობაში, რომლებმაც იმ დროს სტრესი მიიღეს და შოკი განიცადეს", - ამბობს მარიამ გოჩიაშვილი.

 

ფსიქოლოგების დაკვირვებით, ომით გამოწვეულ სტრესს თავისებური გამოვლინებები აქვს - მუდმივად საფრთხის მოლოდინი, შფოთი და ფორიაქი. ამგვარი მდგომარეობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დღემდე იგრძნობა.

 

"სოფელში დარჩენილი ადამიანები ომის შემდეგ მალევე გარდაიცვალნენ, მათმა გულებმა მეტს ვერ გაუძლეს, ნაწილი კი ვინც დარჩა, ისეთი სტრესის ქვეშ არიან, რომ ვერ აგიხსნით. პირადად ჩემმა ოჯახმა გამოიარა ეს ყველაფერი. მამაჩემს დღესაც ვმკურნალობთ, უკიდურეს სიტუაციაშია. სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს დღესაც. ასევეა ბებიაჩემიც ეთერ კასრაძე, რომელიც ათას უბედურებას შეესწრო დაბომბვებს, სახლების დაწვას და ა.შ", - გვიყვება ერგნეთში მცხოვრები გიორგი კასრაძე.

 

 

ომის დროს მიღებულ ტრავმაზე საუბრობენ სოფელ ნიქოზშიც. გახშირებული სიკვდილიანობა, მათი შეფასებით, ომიდან 2-3 წელში შესამჩნევი გახდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც საომარ მოქედებებს ადგილზე შეესწრნენ.

 

"ფსიქოლოგიური სტრესი ომის დროს ყველამ მიიღო. ახლაც ამ მდგომარეობაში ვართ. ცხინვალიდან ყოველდღე გვესმის სროლები და მუდმივ დაძაბულობაში ვცხოვრობთ. ჩვენ ფსიქოლოგი არ გვყავს და ნიქოზში არც არავის უმუშავია ამ მიმართულებით. ის კი მახსოვს, რომ ტყვედ ვინც იყო, ისინი დაიბარეს და ფსიქო-რეაბილიტაციის კურსები გაატარეს. ისეთი სიტუაციაა, რომ ზოგი ჩუმად დადის ფსიქოლოგთან და არ ამბობს, ზოგსაც არასწორად ესმის ფსიქოლოგის საჭიროება. ამ მხრივ, რომ მუდმივი სამუშაოაა ომგამოვლილ ადამიანებთა, ფაქტია", - ფიქრობს ნიქოზის სათემო ორგანიზაციის წარმოამდგენელი ნინო მინდიაშვილი.

 

ომი და ბავშვები:

 

სპეციალისტების განმარტებით, ძლიერი სტრესის შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ყურადღების „შევიწროებას“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სენსორული ინფორმაციის აღქმა იზღუდება და აღიქმება მხოლოდ უშუალო საფრთხე. შესაბამისად, ბავშვი უფრო ადვილად გაიხსენებს მხოლოდ ერთ, ცენტრალურ ობიექტს ან მისთვის შიშისმომგვრელ დეტალს და მის მეხსიერებაში ნაკლებად იქნება ინფორმაცია სხვა, გარეშე დეტალებთან დაკავშირებით.

  

ბავშვის მეხსიერებაზე ტრავმის და სტრესის ზემოქმედების განხილვისას, ფსიქოლოგიური ფაქტორების გარდა, ფიზიოლოგიური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. ქრონიკულმა სტრესმა ბავშვებში შეიძლება გავლენა მოახდინოს თავის ტვინის განვითარებაზე და მისი სტრუქტურის შეცვლა გამოიწვიოს.

 

ასეთი შედეგებიას და გავლენების მიუხედავად, კონფლიქტის ზონის სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში, სადაც ომგამოვლილი ადამიანები და განსაკუთრებით ომით ტრავმირებული ბავშვები ცხოვრობენ, არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ მუშაობს.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 948 times Last modified on ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2020 18:14