იოსებ მაკრახიძე: დავჯარიმდით და ფული თუ ვიშოვე, გადავიხდი

აპრილი 23 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღნიშნული უწყების გაფრთხილების გარეშე, გვირაბის გადაკეტვისთვის შპს “იბოლია“დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა.

განცხადების მიხედვით, ორმოული შეკეთების სამუშაოების განხორციელებისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „იბოლიამ“ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა 1.5 საათით ჩაკეტა, ნაკადი კი გორის გვირაბის შემოვლით გზაზე გადაერთო. შპს “იბოლია“-მ მოძრაობის შეწყვეტის შესახებ არ შეატყობინა საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რის გამოც არ მოხდა საზოგადოების დროული ინფორმირება. დეპარტამენტმა კონტრაქტორი ორგანიზაციისა და ზედამხედველი კომპანიის მიმართ მიიღო კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. კერძოდ, შპს „იბოლია“, ხელშეკრულების შესაბამისად დაჯარიმდა 27 505.8 ლარით, ხოლო საზედამხედველო კომპანია „სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ - 45 384.57 ლარით.

შპს ,,იბოლიას“ ხელმძღვანელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დეპუტატი იოსებ მაკრახიძე იყო. ამჟამად კი, აღნიშნულ კომპანიაში ის 40% -იან წილს ფლობს, რომელიც სამართავად სხვას გადააბარა. 15-15%-იანი წილი კი მის შვილებს ოფელია და მარიანა მაკრახიძეებს ისევ ეკუთვნით.

შპს ,,იბოლიას“ დაჯარიმების საკითხს დეპუტატი იოსებ მაკრახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის გაფრთხილება სასწრაფოდ შესასრულებელი სამუშაოებიდან გამომდინარე ვეღარ მოესწრო.

,,კანონი არ დაგვირღვევია, თუმცა უნდა გაგვეფრთხილებინა, მე არ ვიყავი ადგილზე და ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. სასწრაფო სამუშაო იყო შესასრულებელი და გაფრთხილება ვეღარ მოვასწარით. ალბათ ღირსები ვიყავით. დაახლოებით ერთი საათი იყო გადაკეტილი და ამ პერიოდში შესრულდა სამუშაოები. 27 ათასით დაგვაჯარიმეს. 10 დღე მაქვს ვადა, ვნახოთ, თუ მოვიძიე ეგ თანხა გადავიხდი, აბა, რა ვქნა?! ასეთ საკითხზე არასოდეს არ დავჯარიმებულვართ, ეს პირველი შემთხვევაა. რომ არ დავეჯარიმებინე, მერე იტყოდნენ, რომ პარლამენტარობის გამო აპატიესო“, - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

შპს ,,იბოლიას“ 2016 წელს, (მის დეპუტატობამდე) მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება თანხების მითვისებას ედავებოდა, რის გამოც იოსებ მაკრახიძეს საპარლამენტო არჩევნებამდე ბიუჯეტში 80 000 ლარის გადახდა მოუწია, უფრო ადრე კი , 2011 წელს ამ კომპანიამ პარტია ,,ნაციონალურ მოძრაობას“ 100 000 ლარი შესწირა. პარტიათა შემომწირველებში თავად იოსებ მაკრახიძეც ფიგურირებს, რომელმაც 07.06.2012 წელს, ,,ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ 25 000 ლარი, ,,ქართულ ოცნებას“ კი 07.09.2016წელს - 50 000 ლარი შესწირა.

Read 3797 times Last modified on Last modified on აპრილი 23 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი