Back to Top
ორშაბათი, 09 აპრილი 2018 14:23

სააღდგომო ტრადიციები რუსული კამერების პირისპირ

Rate this item
(0 votes)

მავთულხლართებითა და მწვანე ღობეებით შექმნილი ხელოვნური ბარიერები კონფლიქტის ზონაში ტრადიციების გაგრძელებას ვერ აფერხებს. ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ მიცვალებულებს პატივს წელსაც მიაგებს.

ლია ჩლაჩიძე მესამე წელია აღდგომის დღესასწაულზე, გამყოფ ხაზთან, "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერის სიახლოვეს მიდის და მეორე მხარეს წითელ კვერცხებს, პასქას და ყვავილებს ალაგებს. მისი თქმით, დროებით მიტოვებულ მიცვალებულებს ამ გზით მიაგებს პატივს და აღდგომას ულოცავს. იქვე სანთლებს ანთებს და მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვასაც კითხულობს.

ერგნეთში გავლებულმა საოკუპაციო ხაზმა, ადგილობრივების საფლავები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცია. გარდაცვლილთა ახლობლებს, მათი მონახულების საშუალება მეათე წელია აღარ ეძლევათ.

,,რადგან იქ ვერ მივდივარ, გადავწყვიტე ასე გამოვხატო ყურადღება, დროებით დატოვებული საფლავების მიმართ. მივდივარ ე.წ. საზღვართან და მიმაქვს სააღდგომო ნობათი. ასე ვულოცავ ჩვენს მიცვალებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რკინის ზღვარსა და მიწას შორის 5 სანტიმეტრი მანძილია, სწორედ ამ ფართობს ვიყენებ. ხელები სულ დაფხაჭნილი მაქვს, მაგრამ რა ვქნა, სხვაგვარად ვერ შევძლებ მიტანილის იქით გადალაგებას. გაჭირვებით მომყავს სისრულეში წამოწყებული ტრადიცია. ძლივს დავანთე სანთელი, ქარია და თავი მოვუწვი მხოლოდ“, - გვიყვება ლია ჩლაჩიძე.

ლია ჩლაჩიძის ოჯახი სოფელ ერგნეთში ცხოვრობს. მათ სახლს გამყოფ ხაზთან სულ რამდენიმე მეტრი აშორებს. მიმდებარე ტერიტორია რუსული მხარის მიერ დამონტაჟებული კამერების საშუალებით კონტროლდება. მიუხედავად ამისა, ლია ჩლაჩიძე საკუთარი ინიციატივით დანერგილი ტრადიციის გაგრძელებას იქამდე აპირებს, ვიდრე ამის საჭიროებას დაინახავს.

Read 3217 times Last modified on ორშაბათი, 09 აპრილი 2018 14:32