სავარაუდო თაღლითური სქემა ხალხზე ზრუნვის სახელით

აპრილი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ყოველდღიურად, ათობით ადამიანი 10 ლარს კონკრეტულ ანგარიშზე იმ იმედით რიცხავს, რომ დავით კარტოზია მის ბიზნეს გეგმას დააფინანსებს. 

ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობებს გორელ მოსახლეობას თითქმის ყოველდღიურად აცნობენ. შეხვედრები ღიად არ ანონსდება, და როგორც რადიო "მოზაიკამ“ გაარკვია, ხალხის მობილიზებას სპეციალურად დანიშნული კოორდინატორები უზრუნველყოფენ. ერთ-ერთი ასეთი შოთა გოხელაშვილია, რომელიც ირწმუნება, რომ პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობა და ტურიზმია. დაინტერესებული პირები აპლიკაციას ონლაინ რეჟიმში ავსებენ, სადაც აუცილებელია დანართის სახით ბანკის 10 ლარიანი ქვითრის მიმაგრება. ონლაინ აპლიკაციაში დაინტერესებულ პირები ასევე უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, პროექტის მიმართულებას და მისი განხორციელების არეალს. გრანტის მიღების მოლოდინით, ფასიანი რეგისტრაცია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათასობით აპლიკანტმა გაიარა.

"5 ლარი რჩება ადგილზე, 5 ლარი მიდის ამერიკაში. უკვე ათასობით ბიზნეს გეგმაა შემოსული. ჩვენ სულ მალე დავიწყებთ მათგან საუკეთესოების არჩევას და შესაბამისად, ავტორებისთვის თანხების ჩარიცხვას. უკვე 80 000 დოლარი გვაქვს ანგარიშზე მათი დაფინანსებისთვის. სისტემა მალევე გაიმართება და ეს პროცესიც დაიწყება", - გვითხრა შოთა გოხელაშვილმა.

ეს ტექსტი ნაცნობია თამაზ მუნჯიშვილისთვის. ის ამ პროგრამა რამდენიმე თვის წინ ჩაერთო. "მოზაიკასთან" საუბარში იხსენებს, რომ შეთანხმების მიხედვით, მასაც კოორდინატორად უნდა ემუშავა და ყოველთვიური ანაზღაურება 1 200 ლარი ჰქონდოდა. თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში არათუ რაიმე სარგებელი, არამედ პირიქით, როგორც თავად ამბობს, ამ საქმისთვის, მინიმუმ 10 ლარი იზარალა.

"3 თვის წინ ამიყვანეს კოორდინატორად. ხელფასს დამპირდნენ 1 200 ლარს. პლიუს გადავიხადე 10 ლარი. მე მითხრეს, რომ ეს 10 ლარი ჩემი საბანკო ანგარიშის გააქტიურებისთვის უნდა გადამეხადა, რომელზეც მერე ხელფასს ჩამირიცხავდნენ,მაგრამ 3 თვე გავიდა, თანხა არ ჩამრიცხვია და მივხვდი, რომ არარეალურ ამბავში ვიყავი. მოთხოვნა იყო, რომ 10-10 ადამიანი შემეგროვებინა და შეხვედრებზე მიმეყვანა, რათა პროგრამით მეტი და მეტი ადამიანი დაინტერესებულიყო", - გვითხრა მუნჯიშვილმა. 

ყოფილი კოორდინატორის მსგავსად, აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს მოსახლეობის ნაწილსაც. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალურად მოწყობილ შეხვედრებზე, ისინი სკაიპის საშუალებით უშუალოდ ამ კომპანიის დამფუძნებელ დავით კარტოზიას ესაუბრებიან, ფიქრობენ, რომ საქმე თაღლითურ სქემასთან აქვთ.

"დავით კარტოზია ამერიკაში უკვე წლებია ცხოვრობს. ამ შეხვედრებზე სკაიპით გვესაუბრება. გვაქვს საშუალება, რომ კითხვებიც დავუსვათ. თუმცა თანხების ჩარიცხის პროცესი უკვე ისე ჭიანურდება, რომ ეჭვები გვიჩნდება", - გვითხრა ერთ-ერთმა აპლიკანტმა, მარინა მუთოშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების სახით თანამოაზრეთა ჯგუფები საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არიან დარეგისტრირებულნი. ოფიციალურ მისამართებად ძირითადად სოფლები ფიქსირდება. ერთ-ერთი კოორდინატორი ია ლეკიშვილია, რომელიც გამოთქმულ ეჭვებს აფსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ საგრანტო პროგრამაში ყველა იურიდიული მხარე მოგვარებულია.

"ჩვენ ოფიციალურად ვართ რეგისტრირებულები. აგვისტოში დავრეგისტრირდით. ბოლო პერიოდში უკვე აქტიურად ვმუშაობთ და ადამიანებს ვაცნობთ ჩვენს შეთავაზებებს", - გვითხრა ია ლეკიშვილმა.

 

კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. რადიო "მოზაიკა" დარეგისტრირებულ არაერთ ადამიანს ესაუბრა. ყველა მათგანი ამ დრომდე თანხის ჩარიცხვის მოლოდინშია.  ე.წ. კოორდინატორები ირწმუნებიან, რომ ამ პროცესებს მინიმუმ ერთი კალენდარული წელი დასჭირდება.

 

Read 26284 times Last modified on Last modified on აპრილი 02 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი