Back to Top
კვირა, 08 დეკემბერი 2019 19:46

“გვავალებენ, რომ 14 დეკემბერს აქციაზე წავიდეთ”

Rate this item
(0 votes)

უკვე მესამე დღეა, რადიო “მოზაიკას” საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მათ ხელმძღვანელობა 14 დეკემბერს თბილისში, აქციაზე წასვლას ავალებს.


14 დეკემბერს თბილისში აქცია იგეგმება, რომლის ორგანიზატორი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთაა.

“დირექტორმა გვითხრა, რომ საჭიროა, ყველა წავიდეთ თბილისში, რადგან აქციას რეგიონებიდანაც ბევრი ადამიანი უნდა შეუერთდეს”, - უთხრა რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთი საბავშვო ბაღის თანამშრომელმა.

როგორც მასწავლებელმა გვითხრა, მას და მის კოლეგებს ეშინიათ, რომ არწასვლის შემთხვევაში, სამსახურს დაკარგავენ.

ამავე თემაზე გორის მერიის რამდენიმე თანამშრომელიც დაგვიკავშირდა.

“არასამუშაო დღეა და საჭიროა, წინასწარვე მოხდეს წასვლის ორგანიზებაო, გვითხრეს 2-3 დღის წინ. წასვლა ბევრს არ უნდა, მაგრამ ეშინიათ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ”, - გვითხრა მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

როგორც ის გვიყვება, ამ თემაზე უწყებაში ოფიციალური თათბირი არ გამართული და აქციაზე წასვლის დავალება ყველა თანამშრომელმა უშუალო ხელმძღვანელისგან მიიღო.

“ყველამ იცის, რომ აქცია დაიგეგმა და რომ ყველას მონაწილეობა ან არმონაწილეობა დაფიქსირდება”.

როგორც ეს ადამიანები რადიო “მოზაიკასთან” ამბობენ, მათ აქციაზე წასვლა არ სურთ.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აქციას პარტიის მხარდამჭერებთან ერთად გეგმავს.

“14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან,” - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

აქციის დაანონსებიდან მალევე, განცხადება გაავრცელა მოძრაობა “სირცხვილიამ”. როგორც სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანება ამბობს, 14 დეკემბერს “ქართული ოცნება” აქციას სხვა მიზნით მართავს - საზოგადოებას დაანახოს, რომ მათ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

 

Read 479 times