გორის საკრებულოს კომისიების სხდომა მომავალი წლის ბიუჯეტზე - შენიშვები და რეკომენდაციები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. პრეზენტაციას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დალი ტლაშაძე უძღვებოდა.

ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტებს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, დასუფთავება, გარემოს დაცვა, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა.

დეპუტატებს ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები ჰქონდათ, რომლებიც სხდომაზევე დააფიქსირეს.

საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატის ირმა ამბარდნიშვილის შენიშვნები ძირითადად სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწყობას და სოციალურ პროგრამებს ეხებოდა.

“ამ საუკუნეში კიდევ დგას გაზის და სასმელი წყლის პრობლემა. არც დიდ და არც პატარა გორიჯვარს ეს პრობლემა ამ დრომდე არ აქვს მოგვარებული. "სოკარს" დავუკავშირდი და მითხრეს, არც კი მოუწერია მუნიციპალიტეტს ჩვენთვისო. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში ამ საკითხზე გვიწევს საუბარი. მნიშვნელოვანია იმ სკოლების ხელსეწყობა, სადაც სოციალურად დაუცველები სწავლობენ - სკოლებში ბავშვები ერთმანეთს ფულს აწერენ; შიმშილობენ, ისეთი მდგომარეობაა. იქნებ სოციალურ სამსახურთან ერთად, ამ თემაზე ვიმუშაოთ და მათი საჭიროებები განვსაზღვროთ“, - თქვა ირმა ამბარდნიშვილმა.

შინდისში გზის რეაბილიტაციის საკითხზე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ.

“სოფელ შინდისში, ნახალოვკის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია რეგიონალური განვითარების ფონდის პროექტებშიც ზის და ადგილობრივ ბიუჯეტშიც. ეს პროექტი უნდა დაიწყოს“, - თქვა მარლენ ნადირაძემ. 

აღნიშნულ სოფელთან დაკავშირებით, სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ყაჯრიშვილმა განმარტა, რომ მოსახლეობას აქვს ასევე სასმელი წყლის პრობლემა, რომლის მოწესრიგებაც მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია.

“შინდისში ასევე უნდა მოწესრიგდეს სასმელი წყალი, გზასთან ერთად. მცირე შეცდომაა, წყალი გამორჩათ. ჩვენ ჩავასწორეთ და სრულყოფილი ვერსია გადავგზავნეთ. ახალი წლის ბიუჯეტით ნახალოვკის ქუჩას გაუკეთებენ ჯერ სასმელ წყალს და შემდეგ კი ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება“,- აღნიშნა ზურაბ ყაჯრიშვილმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ბიუჯეტში გასათვალისწინებელ ერთ-ერთ პრიორიტეტად საბავშვო ბაღის პედაგოგების ხელფასების გაზრდა დაასახელა. მისივე თქმით, ბაღები ისევ ვაუჩერულ სისტემაზე უნდა გადავიდნენ.

“ახალი წლის ბიუჯეტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნდა გავითვალისწინოთ საბავშვო ბაღის პერსონალისთვის ხელფასების მომატება. ჩვენ ოფიციალურად, დოკუმენტში შენიშვნის სახით ჩავდებთ ამ საკითხს. ცოტა წინაც წავალ და გეტყვით, რომ ჩვენ ვაპირებთ პარლამენტს ოფიციალურად მივმართოთ და თანადაფინანსებაში იყოს საბავშვო ბაღები და შემდეგ უკვე ვიფიქროთ ვაუჩერიზაციაზეც“, - განმარტა დავით რაზმაძემ.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე ასევე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებაზეც ისაუბრეს.

ფრაქციის “ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ მიშა გოგინაშვილმა აღნიშნული პროექტის გაგრძელება და ბიუჯეტში ერთ ერთ მუხლად გაწერა მოითხოვა.

"მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უნდა გამოვიდეს დასამტკიცებლად, პროექტი უკვე დამთავრდა. სამინისტროსგან ბუნების დაცვის მიმართულებით რეკომენდაცია უნდა გაიცეს და ამის შემდეგ დავამტკიცოთ. ჩვენ ველოდებით სამინისტროს გადაწყვეტილებას. ეს გეგმა სრულყოფილი, სამუშაო ვარიანტი რომ იყოს და თაროზე არ შემოიდოს, საჭიროა გაგრძელება. ახლა უნდა ჩაიშალოს უბნების მიხედვით", - თქვა გოგინაშვილმა.

სამუშაო შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ შეფასა. როგორც ის ამბობს, ახალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვან პრიორიტეტებად კვლავაც საგზაო ინფრასტრუქტურა და სასმელი წყალი რჩება.

“წარმოდგენილ პროექტიდან უმრავლეს პარამეტრებს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს, მაგრამ მათ გააჩნიათ შენიშვნები. პრიორიტეტები კვლავაც სოფლებში გზის და წყლის საკითხებია. ხვალიდან დავიწყებთ შენიშვნების დოკუმენტის შექმნას, რომელიც 25 ნოემბერს წარმოდგენილ დოკუმენტთან ერთად უკან დაუბრუნდება აღმასრულებელს. ისინი შენიშვნების გათვალისწინებით ჩასწორებულ პროექტს უკან გადმოგზავნიან დასამტკიცებლად“, - ამბობს დავით რაზმაძე.

გორის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 42 900 000 ლარითაა განსაზღვრული.

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 239 times Last modified on ნოემბერი 21 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი