გორის სასამართლომ ფსიქიატრიულის პაციენტზე ძალადობაში ბრალდებული გაამართლა

ნოემბერი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის რაიონულმა სასამართლომ ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე ქალის ჩვენება, პარტნიორის მხრიდან სავარაუდო ფიზიკური ძალადობის შესახებ, ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, სარწმუნოდ არ ცნო და ძალადობაში ბრალდებული კაცი გაამართლა.
გორის სამედიცინო ცენტრი "გორმედი"-ს ცნობით, დაზარალებული თ.კ. 2018 წლის 24 მაისიდან აღრიცხულია ფსიქიატრიულ სამსახურში დიაგნოზით: ბიპოლარული აფექტური აშლილობა, მიმდინარე ეპიზოდში მანიით, ფსიქოზური სიმპტომების გარეშე.
როგორც ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, თ.კ-ს პარტნიორმა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, მასზე რამდენჯერმე იძალადა, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.
კერძოდ, ზედიზედ 3- ჯერ მთვრალმა ე.ა.-მ თ.კ.-ს, ხელი დაარტყა სახეში და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამავე სახლში, მთვრალმა ე.ა.-მ, ეჭვიანობის გამო, შელაპარაკებისას თ.კ.-ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახეში და ხელი მოუჭირა ყელში.
სახის მიდამოებში გარკვეული დაზიანებები ექსპერტიზამაც დაადასტურა.
"თ-- --- კ-------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება სისხლჩაქცევის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი, საგნის მოქმედებით", - ნათქვამია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში.
მიუხედავად ამისა, გორის სასამართლოს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა, ბრალდებული გაამართლა. არგუმენტად კი, დაზარალებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაასახელა.
"არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფსიქიკური ნაკლის გამო დაზარალებულ თ----- კ-------ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, ეს ჩვენება შეუძლებელია შეფასდეს როგორც სანდო, საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ეჭვის გამომრიცხავი", - ნათქვამია განაჩენში.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მოსამართლემ არც ეს მიიჩნია სარწმუნოდ.
"ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ დაზიანების ფაქტს და არა ბრალდებულის კავშირს ამ დაზიანებასთან. ამდენად, ე------ ა---–--–- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში", - განაცხადა გერმანე დადეშქელიანმა.
Read 245 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი