"თქვენი დასასრული ახლოსაა"-ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს

სექტემბერი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"თქვენო უგანათლებულესობავ და ყოვლად უჭკვიანესობავ!" - ასე იწყება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ღია წერილი, რომელსაც ციხიდან ბიძინა ივანიშვილს უგზავნის.

 

ირაკლი ოქრუაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს 2004 წელს ახსენებს და ბატრი პატარკაციშვილისთვის მას ქონების წართმევის მცდელობაში ამხელს.

"2004 წელს, სააკაშვილი თქვენთან პირველი შეხვედრიდან აღფრთოვანებული და გაბრუებული რომ დაბრუნდა, მაშინვე მივხვდი რასაც წარმოადგენდით. მიშას ადამიანების სწორად ამოცნობის უნარი არასოდეს გააჩნდა და ვატყობდი რა ხაფანგიც დაუგეთ. მაშინვე მივხვდი რასაც ეფუძნებოდა თქვენი ცხოვრების ფილოსოფია, როდესაც გვითხარით, ბადრის ფული და ქონება წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად მაგას აღიქვამენო. ამას იმიტომ ამბობდით, რომ თქვენი ცხოვრების ფილოსოფია მხოლოდ ფულია.

ძალაუფლება ხელში ჩაიგდეთ, მაგრამ ვერ ითვალისწინებთ ერთ უმთავრეს რამეს, თქვენი ძალაუფლება დგას მხოლოდ მეხუთე კოლონიის მხარდაჭერაზე, კოლაბორაციონისტებზე, კონფორმისტებზე, პუტჩისტებზე, საბჭოთა ინტელიგენციაზე, ქურდებზე, კრიმინალური მენტალიტეტის წვრილფეხობაზე, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის არმქონე 15 ლარად გაყიდულ ხალხზე და ა.შ. ჰოდა ამ ხალხის თქვენდამი ერთგულება მხოლოდ თქვენს ფულს ეფუძნება. ასეთი ტიპის ხალხს კი არსად არასდროს არ გაუმარჯვია. "-წერს ოქრუაშვილი.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი წერილის დიდ ნაწილს 20 ივნისის თემას უთმობს. მისი აზრით, ამ თარიღმა თავისუფლებისთვის მებრძოლი პატრიოტული თაობა გამოაჩინა, რომლის წარმომადგენლები მისივე შეფასებით, ყველა უკანონობაზე ივანიშვილს პირადად გაუსწორდებიან.

"თქვენს შვილებს სთხოვეთ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრონ - მოვა დრო და 20 ივნისის თაობა თქვენს საფლავს დააფურთხებს.

ჩემი ციხეში გამოკეტვა კი უშუალოდ თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება გახლავთ და ამით ორი კურდღელი დაიჭირეთ - რუსებს ასიამოვნეთ და ხალხი დააშინეთ, მაგრამ ამით თამაშის ის წესი დაარღვიეთ, რომელიც შემდეგს ეფუძნება. კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ - ამ წესების თანმდევი შედეგი აქვე ჩვენს სამეზობლოში შეგიძლიათ ნახოთ, შორს რომ არ მოგიწიოთ ძებნა. სომხეთში სარქისიანმა და კოჩარიანმა პაშინიანი თავის დროზე ციხეში გამოკეტეს. დღეს პაშინიანი პრემიერმინისტრია, კოჩარიანი ციხეშია, სარქისიანი კი გაქცეულია.

თურქეთში სამხედრო ელიტამ ერდოღანი ერთდროს ციხეში გამოკეტა. დღეს ერდოღანი პრეზიდენტია, სამხედრო ელიტა კი ციხეში ზის. დაელოდეთ ამ თამაშის წესების შედეგებს, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

თქვენი დასასრული ახლოსაა, 20 ივნისის ღამემ ნათლად გამოაჩინა შუშის სასახლეზე წარწერა Mene, Tekel, Fares. თქვენი პოლიტიკური დასასრული მოახლოვდა, მაგრამ ეს არაა მთავარი მიზანი. მთავარია შუშის სასახლის პანდემონიუმი ნაცვლიშვილების, ფარცხალაძეების, ჩხარტიშვილების და იმ მეხუთე კოლონის სახით, რომელსაც ეფუძნება სრულად განადგურდეს თქვენი ძალაუფლება, რადგან ეს პანდემონიუმია ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საფრთხე და მათ ვეღარ უნდა შეძლონ „ახალი ივანიშვილის“ შობა.-წერს ირაკლი ოქრუაშვილი ღია წერილში, რომლითაც ციხიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

 

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

Read 551 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი