მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარელ რაზმაძეებს კოტეჯს ჩაუდგამს

სექტემბერი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ რაზმაძეების ოჯახს ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ კოტეჯის ტიპის სახლი აუწყო, რომელსაც უახლოეს პერიოდში ოჯახისთვის მისაღებ მიწის ფართზე განათავსებს, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" პრესცენტრიდან მიაწოდეს.

"ეს სახლი შეკვეთილიც არის და გამზადებულიც არის უკვე. თვითონ რაზმაძეებთან გვაქვს კომუნიკაცია და განცხადებას ცოტახანში გავაკეთებთ. რა ვადებიც იყო ნათქვამი და რა დროც დასჭირდა კოტეჯის გაკეთებას, ეს პერიოდი იყო გამოყენებული ამისთვის. ერთადერთი ფართის საკითხია გასარკვევი. საკმაოდ კომფორტული კოტეჯი აიწყობა იმ ფართზე, სადაც რაზმაძეები გადაწყვეტენ. თვითონ სახლი უკვე გამზადებულია და საჭიროებს ადგილზე განთავსებას", - აცხადებენ ხაზარაძის პრესსამსახურში.

გორის მერიის ინფორმაციით, ფართის გამოყოფის მიზნით, რაზმაძეებს მუნიციპალიტეტისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ადამიანს, რომელმაც საკუთარი ხელით სახლი დაანგრია, ახალი სახლის აშენებას დაახლოებით ერთი თვის წინ დაპირდა.

“რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!”, – დაწერა მაშინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად, სოფელ გუგუტიანთკარში რაზმაძეების სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. 

Read 273 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი