გორის ციხე გადმოვიდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში - პეტიციის მზადება გორში

მარტი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის ციხის გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის მიზნით, არასამთავრობო სექტორი პეტიციას ამზადებს. ავტორები პეტიციას ახალ პლატფორმაზე - ichange.gov.ge - განათავსებენ, სადაც მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პეტიციას ამზადებს, რომლითაც ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, რომ გორის ციხე საკუთრებაში გორის მუნიციპალიტეტს გადაეცეს.

პეტიციის მომზადების პროცესს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისი აორგანიზებს. სამუშაო პროცესში ჩართულია რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. მათმა წარმომადგენლებმა პეტიციის ტექსტი უკვე შეიმუშავეს.

„გორის საზოგადოების დიდი ნაწილი შეწუხებულია გორის ციხის მდგომარეობით. ფაქტიურად, არ ხდება ძეგლის დასუფთავება და შეკეთება. ქალაქი ვერ იყენებს იმ დიდ ტურისტულ პოტენციალს, რომელიც ციხის გონივრულ გამოყენებას შეიძლება მოყვეს“, - ნათქვამია ტექსტში.

პეტიციის ავტორები განმარტავენ, რომ ამჟამად გორის ციხე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობისთვის შეზღუდულია ძეგლის მოვლა-პატრონობის უფლება და შესაძლებლობა.

„ასეთი მდგომარეობა ცუდად აისახება როგორც ძეგლის მდგომარეობაზე, ასევე ხელს უშლის ქალაქის ცენტრალური ნაწილის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მერიას უფლება არ აქვს, თუნდაც დაასუფთავოს ძეგლის ტერიტორია, რადგან ამ მიზნით დახარჯული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, განხილული იქნება, როგორც არამიზნობრივი ზარჯები“, - ვკითხულობთ ტექსტში.

პეტიციაზე მომუშავე ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უნდა იმყოფებოდეს.

„ვაცნობიერებთ, რომ გორის ციხე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი და სიმბოლოა მთლიანად საქართველოსთვის და აუცილებლად უნდა არსებობდეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლი, რაც ჩვენი აზრით, საკმარისად რეგულირდება საქართველოს კანონით კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, მესაკუთრის ვინაობის მიუხედავად“, - განმარტავენ ავტორები.

ტექსტში საუბარია კანონის იმ ნაწილზე, რომელიც ძეგლის მესაკუთრის თუ კანონიერი მოსარგებლის უფლება-მვალეობებს განსაზღვრავს.

ძეგლის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) ვალდებულია:
ა) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ინფორმაცია ძეგლის არსებული მდგომარეობის შესახებ და გააფორმოს სამინისტროსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისაგან დაცვა და ძეგლის ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნება;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ძეგლის მდგომარეობის, მისი შენახვის პირობების ან გარემოს ცვლილებების შესახებ;
გ) ხელი შეუწყოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და სპეციალისტებს ძეგლის დათვალიერებასა და მისი მდგომარეობის შესწავლაში, მათი მოთხოვნისამებრ მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია ძეგლის შესახებ, თუ ის არ არის სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დადგენილი სხვა საიდუმლოება;
დ) არ დაუშვას ძეგლზე რაიმე სახის თვითნებური ზემოქმედება, მათ შორის, ძეგლის ნაწილების ან ფრაგმენტების გადაკეთება, დანაწევრება, დაშლა, დამატება;
ე) ძეგლის გასხვისების შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს, ხოლო ძეგლის შემძენს წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ძეგლის სტატუსის შესახებ;
ვ) უზრუნველყოს ძეგლზე საზოგადოების დაშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.

 

platforma

პეტიციის ავტორები, მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ახალ პლატფორმას - ichange.gov.ge - გამოიყენებენ. საბოლოო ტექსტი აღნიშნულ საიტზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება და მოთხოვნის მხარდაჭერა ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლება. 10 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიცია განსახილველად სპეციალურ საბჭოს გადაეცემა. ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში კი, საბჭო საკითხს განსახილველად მთავრობის ადმინისტრაციას გადაუგზავნის.

შეგახსენებთ, რომ ichange.gov.ge არის სამთავრობო პლატფორმა, რომლის მიზანია საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების ურთიერთდაახლოების გაადვილება.

Read 1607 times Last modified on Last modified on მარტი 16 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი