Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 12:10

გორის მერიამ ატენში წყლის პრობლემა ვერ მოაგვარა და ბიუჯეტი 220 000 ლარით აზარალა

Rate this item
(0 votes)

 სოფელ ატენის წყალსადენის შესაძლო დაზიანების საფრთხე  გორის მერიისთვის წინასწარ იყო ცნობილი, თუმცა უწყებამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ღონისძიებების გატარებით მისი თავიდან აცილება.


 ასე იწყება აუდიტის პირველადი ანგარიშის ის ნაწილი, სადაც სოფელ ატენის წყლის პრობლემაზეა საუბარი. დოკუმენტის მიხედვით,  უწყების მიერ გამოვლენილი არასათანადო დამოკიდებულება ბიუჯეტს გარკვეული ზარალის ფასად დაუჯდება. საუბარია ატენის წყალსადენის მოწყობაზე, რომლისთვისაც გასულ წელს, 2 მლნ 594 ათასი ლარი დაიხარჯა.

დაახლოებით ოთხი თვის წინ კი, როდესაც აუდიტის ჯგუფმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის შედეგები ადგილზე ნახა, აღმოჩნდა, რომ თვეების მანძილზე ატენელების ნაწილს წყალი შეფერხებით ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდებოდა. ფაქტი მერიის თანამშრომლებმა წლის დებეტის შემცირებით ახსნა.

" 2017 წლის ზაფხულიდან ატენში სახელმწიფო მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, (რომელიც ვადების არაერთხელ გადაწევის მიუხედავად უცხოურმა კომპანიამ დღემდე ვერ დაასრულა). მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სათავე ნაგებობის და მისი სადრენაჟო სისტემის უშუალო სიახლოვეს ხორციელდებოდა. ამ ფაქტმა უწყების შეფასებით, მიწისქვეშა წყალშემცველი ფენების დაზიანება და მოპოვებული წყლის დებეტის შემცირება გამოიწვია. მოსალოდნელი პრობლემის შესახებ მუნიციპალიტეტმა 2018 წლის სექტემბერში საავტომობილო დეპარტამენტს აცნობა და არსებული გარემოებების გათვალისწინება სთხოვა,თავის მხრივ იმავე თვეს გზების დეპარტამენტმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას სთხოვა საკითხის ადგილზე განხილვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, თუმცა რამდენად განხორციელდა ან ვერ განხორციელდა ეს გეგმა მუნიციპალიტეტმა სათანადო დადასტურება ვერ წარმოადგინა. საბოლოოდ, სამუშაოების წარმოების შედეგად სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტი შემცირდა და წყლის სისტემა დაზიანდა."-წერია აუდიტის პირველად ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის მუშაობის პროცესში, გორის მერიამ დაკარგული წყლის საძიებო სამუშაოებსა და ძიების შედეგების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე შესყიდვა განახორციელა, რაზეც მას 20 ათასი ლარის გადახდა მოუწია. ხოლო შესაბამისი სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 200 ათასი ლარია გათვალისწინებული. საერთო ჯამში კი შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს დამატებით 220 000 ლარის დახარჯვა უწევს. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წყლის სისტემის მოსაწყობად თავდაპირველად 2 მლნ 594 ათას 500 ლარი დაიხარჯა, გამოდის, რომ ატენელებისთვის წყლის პრობლემის მოგვარება მთლიანობაში ბიუჯეტს 2 წლის განმავლობაში 2 მლნ 814 ათას 500 ლარი დაუჯდება

Read 1146 times Last modified on სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 12:53