Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 16 აგვისტო 2019 12:06

ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება: ჩვენი მესაზღვრეები ქართულ მხარეს არ გადასულან

Rate this item
(0 votes)

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევმა დასავლეთისთვის განკუთვნილი პიარ-აქცია უწოდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც მოჰყვა სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლებას.

ჯიოევმა სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს იმაში, რომ "საზღვრის" მოწყობის სამუშაოებში რუსი სამხედროები მონაწილეობენ.

მურატ ჯიოევის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არაკეთილსინდისიერად წარმოაჩინოს სამხრეთ ოსეთში რუსების ყოფნა.

ჯიოევის მტკიცებით, „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის საინჟინრო ნაგებობებით მონიშვნას აწარმოებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური“ და ამ სამუშაოებთან რუს მესაზღვრეებს არანაირი კავშირი არ აქვთ.

მურატ ჯიოევის განცხადებით, რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის არსებული შეთანხმებით, რუსი მესაზღვრეები მხოლოდ „სახელმწიფო საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ." ჯიოევის მტკიცებით, სამუშაოების წარმოებისას ოსი მესაზღვრეები ითვალისწინებენ ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს და „ერთი მეტრითაც კი არ გადადიან ქართულ მხარეზე.“

Read 476 times