Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 07 მარტი 2018 13:38

საია: გორის მერთან დაკავშირებულ დოკუმენტებში დარღვევების მთელი ბუკეტია

Rate this item
(0 votes)

რადიო ,,მოზაიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გორის მერის თანამდებობასთან შეუთავსებელი პოზიციის შესახებ, შეფასებები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისიდან მოჰყვა. ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ქეთევან ბებიაშვილი პირადად გაეცნო საჯარო რეესტრში დაფიქსირებულ მონაცემებს, შპს ,,მარინის“ წესდებისა და მისი წარმომადგენლების შესახებ.


საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ რომელიმე საწარმოში მერის მხრიდან მხოლოდ წილის ფლობასთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ამ დრომდე კონსტანტინე თავზარაშვილი კომპანიის ხელმძღვანელად ფიქსირდება.


,,ამ შემთხვევაში დარღვევების მთელი ბუკეტია. 1996 წლის შემდეგ რაიმე ცვლილება არ არის შეტანილი შპს ,,მარინის“ წესდებაში და დირექტორად კვლავაც კონსტანტინე თავზარაშვილი ფიქსირდება, რაც კანონთან შეუსაბამოა. ის რომ იყოს მხოლოდ წილის მფლობელი, ამაზე არ იქნებოდა არანაირი შეზღუდვა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის საწარმოს დირექტორადაა მითითებული. სწორედ ეს წარმოადგენს პრობლემას. გარდა ამისა, აღნიშნულ სამეწარმეო სუბიექტში მისი მეუღლეცაა დაფიქსირებული და აქედან გამომდინარე უნდა იქნას შესწავლილი, ხომ არ ჰქონდა წინა პერიოდში ადგილი ზედამხედველობას ან რაიმე საქმიანობას, რაც შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული ამ კომპანიასთან, იმ პერიოდში როცა თავზარაშვილი იყო თანამდებობის პირი.

ამასთან, დეკლარაციებში, რომლებიც კონსტანტინე თავზარაშვილს აქვს წარდგენილი საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მერობის პერიოდში, აღნიშნული კომპანია საერთოდ არ არის დაფიქსირებული, რაც წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას. ამ საკითხზე რეაგირება უნდა მოახდინოს საჯარო სამსახურის ბიურომ და უნდა იქნას შესწავლილი სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის საქმიანობაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ან გადამეტებას", -აცხადებს ქეთევან ბებიაშვილი.

Read 2299 times