21 მარტი, დაუნის სინდრომი და მე-11 კლასელის ლექცია ფხვენისის სკოლაში

მარტი 21 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მე-11 კლასელმა გიორგი ცერაძემ საკუთარ სკოლაში ლექცია ჩაატარა.

დღეს ფხვენისის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მე-11 კლასელი გიორგი ცერაძის მოსასმენად შეიკრიბნენ. დაუნის სინდომის მქონე ადამიანების გამოწვევების და პრობლემების შესახებ სკოლაში თითქმის 2 საათი ისაუბრეს. გიორგი ცერაძემ თანასკოლებებს და მასწავლებლებს დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საზოგადოების მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

"ვესაუბრე დაუნის სინდრომზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები დგანან. მინდოდა, მათთვის მკაფიოდ ამეხსნა, რომ ამ ადამიანების გარიყვა არასწორია და რომ თუ გვექნება საკმარისი ცოდნა, ხელს შევუწყობთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გაძლიერებას, განვითარებას და საზოგადოებაში ბედნიერ თანაცხოვრებას", - გვითხრა გიორგი ცერაძემ.

giorgi ceradze - leqcia - 21 marti

ლექციაზე მოსწავლეები და მასწავლები გიორგი ცერაძეს კითხვებს უსვამდნენ. როგორც გიორგი ამბობს, ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაანახა, რომ საზოგადოებას დაუნის სინდრომის შესახებ საკმარისი ცოდნა არ აქვს.

ინფორმაციისთვის:

დაუნის სინდრომის ქონისას, ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა. მან 1866 წელს ინგლისში გამოაქვეყნა ესსე, სადაც აღწერა იმ ბავშვების ჯგუფი, რომლებიც საერთო ნიშნით გამოირჩეოდნენ დანარჩენებისაგან.

პირველად დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ - 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე, ტრისომიულ მოვლენას.

სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.

ამ სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. ის არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. სინდრომი გოგონებსა და ბიჭებში ერთნაირი სიხშირით ვლინდება.

უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიას არაერთი დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანი ახსოვს.

leqcia - giorgi ceradze - 21 marti

ლექციის დამთავრების შემდეგ, გიორგიმ თანასკოლებებთან და მასწავლებლებთან ერთად, სკოლის ეზოში ნახატები და წარწერები გააკეთა.

"დავხატეთ ფერადი წინდები და გავაკეთეთ წარწერები, რომ მეგობრები არ ვითვლით ქრომოსომებს, რომ არავინ არ უნდა დავტოვოთ მიღმა", - გვითხრა გიორგი ცერაძემ.

ფხვენისის საჯარო სკოლაში ლექცია იმ კვირეულის ფარგლებში მოეწყო, რომელიც გუშინ "კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის" ორგანიზებით მოწყობილი ღონისძიებით დაიწყო. 

ღონისძიება ხორციელდება  "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია შიდა ქართლში - „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი". 

დაუნის სინდრომის აღსანიშნავად ჩატარებული აქტივობების მთავარი მიზანი ამ სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების, უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

 

Read 911 times Last modified on Last modified on მარტი 21 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი