გორში მოქმედი ორგანიზაციის წვლილი ლადო აფხაზავას წარმატებაში

თებერვალი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ლადო აფხაზავას პროდემოკრატიული იდეების დანერგვაში დაეხმარა, გორში მომომუშავე ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი - ქართლოსია“. 

„ქართლოსს“ დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში“, - გვითხრა ამ საკითხზე საუბრისას ლადო აფხაზავამ. მან ის სასწავლო ვიზიტი გაიხსენა, რომელიც „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ ორგანიზებით გაიმართა.

„სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი პოლონეთში და პოლონელ ექსპერტებთან ერთად უდიდესი გამოცდილება მივიღე. ეს დამეხმარა სვადასხვა თემების უფრო მეტად აღქმაში და წინ წამწია, როგორც მასწავლებელი. ეს გამოცდილება საქართველოს ყველა რეგიონის თითო მასწავლებელმა მიიღო. პირველ რიგში, ეს იყო დაუვიწყარი დღეები, შემდეგ ეს ცოდნა და გამოცდილება დავნერგეთ, ჩვენს საკლასო ოთახებში. ამ გამოცდილებას რაღაცები მოვაკელით, რაღაც დავამატეთ და მოვარგეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს, ჩვენს სკოლას. მადლობა „ქართლოსს“ რომ ახორციელებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომ სიახლეები დაინერგოს“, - უთხრა რადიო „მოზაიკას“ აფხაზავამ.

მან იმ პოლონურ პროექტზეც ისაუბრა, რომელმაც ლანჩხუთის სკოლა სხვა სკოლებისთვის სამაგალითო გახადა.

„პოლონური პროექტი იყო, რომელმაც გამოაცხადა მცირე გრანტების კონკურსი. ეს იყო ძალიან მცირე თანხა, მაგრამ უფრო პატარა თანხითაც შეიძლება რამე შეიცვალოს სკოლაში. ეს იყო პროექტი სასკოლო დემოკრატიის გაუმჯობესებისთვის. კონკურსის ფარგლებში, ჩვენთან ჩამოვიდნენ მენტორები, რომლებსაც მოსწავლეებთან ერთად უნდა შეგვემუშავებინა ისეთი რამ, რაც სკოლაში კომუნიკაციის ხარისხს აწევდა. ეს პროექტი დაინერგა და ოთხი წელია არსებობს ჩვენთან. იმდენად მდგრადი აღმოჩნდა, რომ აღარ შეგვიძლია ჩვენ ამ პროექტის გარეშე. სხვადასხვა რაიონის სოფლები ჩვენგან ღებულობენ კონსულტაციებს. გვინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებშიც დავნერგოთ, ხელმძღვანელობის სურვილიც თუ იქნება“.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ლადო აფხაზავამ ლანჩხუთში განახორციელა, ოკუპაციის მუზეუმის დაარსებას გულისხმობდა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, მასწავლებელმა მუზუმი მოაწყო, რომელიც საგანმანათლებლო სივრცედ აქცია.

„როდესაც გავიგეთ რომ სხვადასხვა რეგიონებში ხდებოდა ოკუპაციის მუზეუმის გაკეთება, მე და ჩემმა მოსწავლეებმაც მოვინდომეთ ჩვენს სოფელში ყოფილიყო მსგავსი მუზეუმი. ძალიან სასიამოვნოა , რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა გამოყო თანხა, რომ მუზეუმი ლანჩხუთშიც დაგვეარსებინა. ეს მარტო მუზეუმი არ არის, ეს არის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს. განხორციელდა რამოდენიმე პროექტი. ჩატარდა გაკვეთილები. ეს სივრცე აღჭურვილია ყცველა საჭირო ინვენტარით. მნიშვნელოვანია ასეთი მუზეუმების არსებობა, ჩვენი ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას.“

მიიღებს თუ არა ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულს, 24 მარტს გახდება ცნობილი, თუმცა როგორც თავად ამბობს, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

„როდესაც მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებლების რიგებში ხარ, რთულია მოლოდინები მარტო შენზე გათვალო. აქ არის 9 საუკეთესო მასწავლებელი, რომლებიც გამოირჩევიან თავისი პედაგოგობით, ისტორიით, მეთოდებით, პრაქტიკით. ეს ჟიურის გადასაწყვეტია, ვის დაასახელებს“.

ინფორმაციისთვის, „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

აღნიშნული ჯილდოს გაცემის მიზანია განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მასწავლებელთა საქმიანობა აღიარებას იმსახურებს. 

Read 633 times Last modified on Last modified on თებერვალი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი