მინდია გოდერძიშვილი: ოჯახში, რეპრესიებზე საუბრები ბავშვობიდან მესმოდა

თებერვალი 25 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 25 თებერვალი მძიმედ გასახსენებელი განსაკუთრებით რეპრესირებული ოჯახების შთამომავლებისთვისაა.

 მათ შორის ერთ-ერთის წარმომადგენელი გორელი მინდია გოდერძიშვილია. ის ვაჟა-ფშაველას შთამომავალია და როგორც თავად გვიყვება აღნიშნული თემა მის ოჯახში ყოველთვის აქტუალური იყო. 

"მახსოვს წითელი ყელსახვევი მეკეთა ყელზე, სკოლაში მივდიოდი. დედაჩემი ტიროდა, ბებიები ძალიან ცუდად იყვნენ და ამბობდნენ, რას გვიშვრებიანო. მე პატარა ვიყავი, მაგრამ იმ დროიდან დამეწყო რუსული ჯარის მიმართ აგრესია. 9 აპრილის შემდეგ, უფრო სიღრმისეულად გავაცნობიერე ჩემი ოჯახის წარსული. თავისით მოდიოდა ეს ინფორმაციები, რაიმე ლიტერატურას ვერ წავიკითხავდი, ეს აკრძალული ხილი იყო. მაღალ კლასებში ბუნებრივია სახელმძღვანელოებსაც გავეცანი. დახვრიტეს ბებიაჩემის მამა, ბებიაჩემის ბიძა. ვაჟას ძმა, თედო რაზიკაშვილი, რომელიც ხელთუბანში ცხოვრობდა და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, დიდი ეჭვი მაქვს , რომ არა პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, არამედ ამ საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო მოკლეს. მიზეზად ის ჰქონდა, რომ თითქოს ვიღაცას ჩაგრავდა. ჩემი ოჯახის წევრების დახვრეტასთან დაკავშირებით, რამოდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული და ხელშესახები, ის არის , რომ ლევანი იყო პოლიციის უფროსი, დღევანდელი ტერმინოლოგიით, ჩარგლის ტერიტორიაზე, მაზრაში. ქაქუცა ჩოლოყაშვილს მისდევდა რუსული ჟანდარმერია და წავიდა ბარისახოს მხარეს, ლევანს დაევალა გზის გადაკეტვა და ქაქუცას აყვანა, ლევანს თავის რაზმში ჰყავდა პოლიციელები, რომლებიც ძმადნაფიცები იყვნენ, ძმაკაცობა უფრო წინა პლანზე იყო წამოწეული, მთლად პოლიციური რეჟიმი არ იყო. ლევანმა ბრძანება შეასრულა, ქაქუცა ჩოლოყაშვილს დახვდა, მაგრამ ასე უპატაკა, მოგვერივნენ და დაგვატყვევესო, ვითომ ქაქუცამ ტყვედ აიყვანა ეს პოლიციელები. ლევანმა პანკისის გზით გააცილა ქაქუცა. ბუნებრივია ამას არავინ აპატიებდა, ლევანი აიყვანეს და დახვრეტა მიუსაჯეს", - ამბობს მინდია გოდერძიშვილი. 

1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს. თუმცა, თავისუფლების მოყვარე ერს წინააღმდეგობა არ შეუწყვეტია. კომუნისტური ტირანიის წინააღმდეგ, 1921-23 წლებში, წინააღმდეგობის თავგანწირული მოძრაობა დაიწყო, რასაც სასტიკი საბჭოთა რეპრესიები მოჰყვა.


Read 450 times Last modified on Last modified on თებერვალი 25 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი