სტუდენტებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საველე გასვლები დაასრულეს

თებერვალი 14 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მცოცავი ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საჭიროებების საკითხების გამოსაკვეთად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ამჯერად სოფელ ერგნეთში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

მასალების მოძიების დასკვნით ეტაპზე, ორგანიზატორებმა სწორედ ის სოფელი შეარჩიეს, საიდანაც თავდაპირველად ანექსია დაიწყო. ახალგაზრდებმა ერგნეთის ომის მუზეუმიც დაათვალიერეს და იქ არსებული ექსპონატების ისტორიას გაეცნენ.

"ძალიან შთამბეჭდავი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტებისთვის დღევანდელი დღე. მათ უშუალოდ ნახეს ომის შედეგები ერგნეთში და კონფლიქტით დაზარალებული ადგილობრივები. წინასწარ შედგენილი კითხვარით მოსახლეობას გაესაუბრნენ. ვეწვიეთ სკოლის პედაგოგებსაც და ვისაუბრეთ უსაფრთხოებაზე, საჭიროებებზე და მომავლის ხედვებზე, რითიც შეიძლება, რომ მოხდეს ახალგაზრდების ადგილზე დამაგრება და სოფლის მიგრაციის საფრთხისგან დახსნა", - ამბობს უნივერსიტეტის დოქტორი არინა თავაქარაშვილი.

სტუდენტებთან ერთად კონფლიქტის ზონაში დღეს აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. ნინო მინდიაშვილის ინფორმაციით, ახალგაზრდები შეგროვებულ მასალებს სპეციალურად შემუშავებულ კვლევაში წარმოადგენენ და ადგილზე გაცნობილი საჭიროებებიდან გამომდინარე, საზოგადოებას რეალურ სურათს წარუდგენენ.

"კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება სამეცნიერო პროგრამა, რომლის სახელწოდებაა "მცოცავი ოკუპაციის შედეგების შედარებითი კვლევა და მისი გავლენა მოსახლეობაზე ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში". დღეს გვქონდა ბოლო გასვლა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრა ერგნეთში საკმაოდ სენსიტიური აღმოჩნდა და უფრო დეტალურად შთაბეჭდილებებს მოგვიანებით კვლევაში ასახავენ", - აცხადებს პროექტის ხელმძრვანელი ნინო მინდიაშვილი.

ერგნეთში ახალგაზრდებთან ერთად, დღეს გუბერნატორის ახლადდანიშნული მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი ანა ლაფაჩიც იმყოფებოდნენ.

Read 677 times Last modified on Last modified on თებერვალი 14 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი