ზურაბ ჯალაღანია გორის მერიიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
გორის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი რადიო "მოზაიკასთან" გააკეთა.
ზურაბ ჯალაღანია აცხადებს, რომ მერიიდან წამოსვლის მიზეზი მისი ოჯახური მდგომარეობა გახდა და გორის მერთან არანაირ საკითხზე კამათი არ მოსვლია.
"ეს გადაწყვეტილება ჩემი პირადულია, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე დავტოვე სამსახური. ამჟამად, ჯერჯერობით ვისვენებ, არსად არ ვმუშაობ. ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ, სად გავაგრძელებ საქმიანობას. მერიიდან რაიმე შემოთავაზებას არ ველოდები, ყოველ შემტხვევაში. ვადასტურებ, რომ განცხადების დაწერისას შევხვდი ბატონ მერს, ვისაუბრეთ, თუმცა ისეთი არაფერი იყო. არანაირ კამათს და დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი ნებით დავტოვე სამსახური", - აცხადებს ჯალაღანია.
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა იანვრის დასაწყიში შვებულება მოითხოვა. მისი მხრიდან სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებაის დაწერაც სწორედ აღნიშნულ საშვებულებო ვადას მოჰყვა.
ჯალაღანია არ ადასტურებს მისი გათავისუფლების მიზეზის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მისი სამსახურიდან წამოსვლა არ უკავშირდება 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხის ვერ ათვისებას და არც სამშენებლო ნებართვების გაცემას.
ამჟამად, აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია. გორის მერი ამბობს, რომ ახალ ხელმძღვანელს სამსახურში კონკურსის წესით მიიღებს.