Back to Top
პარასკევი, 11 იანვარი 2019 12:31

2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მლნ 270 ათას 167 ლარი გასახარჯი დარჩა

Rate this item
(0 votes)

"გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს მორჩენილი თანხა ჯერ არ გადანაწილებულა", - ამის შესახებ საკრებულოდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ გაიხარჯა - 41 587 100 ლარი, დარჩა 4 მლნ 270 ათას 167 ლარი.

გორის მერიის წარმომადგენლის, მერაბ რაზმაძის განმარტებით, აღნიშნულ რიცხვში შედის როგორც ტენდერებიდან დაზოგილი, ისე იმ ხელშეკრულებიდან მორჩენილი თანხა, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად თანხაც აღნიშნული მიმართულებით ჯერ არ გადარიცხულა

"ეს არის გარდამავალი თანხები, რომელიც დატვირთულია 2018 წელს და 2019 წელს სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაირიცხება. როგორც ასეთი, რომ ეს თანხა გასანაწილებელია, ასე არ მოიაზრება. გასანაწილებელი, რაც ტენდერებიდან შემორჩა, შეიძლება შეადგენდეს 2 მლნ - მდე, მაგრამ დანარჩენი ნაწილი უკვე დატვირთულია როგორც გითხარით და სხვაგან ვერ მივმართავთ, რადგან სამუშაოების დასრულებისთანავე ის თანხა გაიხარჯება იმ მიზნით, რისთვისაც იყო გათვალისწინებული 2018 წელს.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ამ თანხებზე გასულ წელს ხელშეკრულებები უკვე დაიდო, მაგრამ ვერ დასრულდა სამუშაოები წლის ბოლომდე და გადმოვიტანეთ 2019 წელს, სამუშაოები რომ დასრულდება ხელშეკრულების თანახმად, დაირიცხება გათვალისწინებული თანხა", - აცხადებს მერაბ რაზმაძე.

გასული წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს ოპოზიცია. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 2 მილიონი ლარი მერიამ ვერ აითვისა, რასაც არ ეთანხმებიან ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოში. 

Read 1128 times Last modified on ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019 14:22