ენმ: არჩევნების წაგების გამო, გიორგი კანდელაკი არაშენდას მოსახლეობას დაემუქრა

იანვარი 09 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტური მმართველმა გუნდმა სოფელ არაშენდაში წააგო, რის შემდეგაც მსოფლიო ჩემპიონი, გიორგი კანდელაკი მოსახლეობას დაემუქრა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ბუნებრივი აირი არ ეღირსებოდათ, - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას გორის საკრებულოს წევრმა ენმ-დან ვასილისა ჯაბახიძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ვარიანის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფლებს საარჩევნოდ გიორგი კანდელაკი კურირებდა, სოფელ არაშენდაში კი სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მისი მუქარაც, როგორც ჯაბახიძე ამბობს სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა.

"ვარიანის ზონაზე საარჩევნოდ პასუხისმგებელი გიორგი კანდელაკი იყო, სოფელ არაშენდაში მმარტველმა გუნდმა ორივე ტური წააგო, რის შემდეგაც გიორგი კანდელაკი მოსახლეობას დაემუქრა და უთხრა, რომ ვიდრე "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში იქნება არც კი იოცნებონ არაშენდის მაცხოვრებლებმა რომ ბუნებრივი აირი ოდესღაც ეღირსებათ", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია მათ ადგილზე ჩასვლისას მიაწოდეს, თუმცა მედიასთან ღიად საუბარს ამ თემაზე ადგილობრივები ერიდებიან, მიზეზად კი ჯაბახიძის განცხადებით, შიშს ასახელებენ.

ოპოზიციის განცხადებას აფსურდს უწოდებს ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. რამაზ როსტომაშვილი ამბობს, რომ არაშენდას გაზიფიცირების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და პრობლემის მოგვარება სოფელში მიმდინარე წელს დაიწყება. 

"მოსახლეობა გაბრაზებული იყო, რომ ვარიანის თემში მხოლოდ არაშენდა დარჩა გაზის გარეშე. შორი მანძილია ამ სოფლიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე დაახლოებით 2 კილომენტრი და ამ დრომდე ვერ გამოინახა ამის თანხები. "სოკარი" არ იღებდა ვალდებულებას, რომ ცენტრალურ მაგისტრალამდე მიეყვანა მილები, დეპუტატი თოთლაძე დაგვეხმარა ძალიან. გასულ წელს ძალიან ბევრი ირბინეს ამ საკითხზე და გადაწყდა, რომ წელს მიხედავენ.  წელს არის დაგეგმილი სოფელ არაშენდამდე გაზის მიყვანა და შემდეგ სოფლის დაქსელვა. პროექტი უკვე დამტკიცებულია და მალე დაიწყება სამუშაოები. რაც შეეხება გიორგი კანდელაკს, არავინ არავის დამუქრებია, თვითონ მოსახლეობას დაკარგული ჰქონდა იმედი, რომ ამ სოფლის გაზიფიცირება აღარც მოხდებოდა და არჩევნების შედეგიც ამის შედეგი იყო ალბათ", - ამბობს რამაზ როსტომაშვილი.

ვარიანის თემში შემავალ სოფელ არაშენდაში 225-მდე ადამიანი ცხოვრობს. გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეს იყო ერთადერთი უბანი სადაც, მმართველი გუნდის კანდიდატმა არჩევნები წააგო. ამ საკითხის კავშირს სოფლის უგაზობასთან ხელისუფლებაში გამორიცხავენ და მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდებას წლის ბოლომდე ჰპირდებიან.

Read 4226 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი