კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს საახალწლო ღონისძიების მოსაწვევი არ შეხვდათ

იანვარი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით კომბინატის დასახლებაში მცხოვრები დევნილი ბავშვების მშობლები გამოეხმაურნენ.

მათი ნაწილი აღნიშნავს, რომ მოსაწვევების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონიათ. ნაწილისთვის კი უცნობი იყო, რომ ღონისძიებაზე სასაჩუქრე პაკეტი მისთვისაც გამოიყო. მერიის ინფორმაციით, 2500 მოსაწვევი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და დევნილ ბავშვებზე გადანაწილდა, თუმცა კომბინატის დასახლებაში მდებარე დევნილებს მოსაწვევები არ მიუღიათ.

"ჩვენი კორპუსი საერთოდ არავის აინტერესებს. აქ თითქმის 20-მდე ბავშვი ცხოვრობს და არც საახალწლო კონცერტის ბილეთი და არც არაფერი შემოაქვთ. საერთოდ ახსოვს ვინმეს, რომ მუსიკალურში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს? სხვა დევნილებისგან განსხვავებით, სამწუხაროდ ჩვენით არავინ ინტერესდება", - აცხადებენ კომბინატის დასახლებაში, მუსიკალური სკოლის შენობაში მცხოვრები დევნილები.

სასაჩუქრე პაკეტის გარეშე, როგორც "მოზაიკასთან" განმარტავენ, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე ახალ კორპუსებსა და ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მცხოვრები ბავშვებიც აღმოჩნდნენ. აღნიშნულს მერის წარმომადგენელი კომბინატის დასახლებაში, მევლუდ ჩოხელიც ადასტურებს.

"სულ 25 მოსაწვევი მომცეს მერიაში, გაჭირვებულ ოჯახებში დაარიგეო. თავიდან ჯერ 20-ს მაძლევდნენ და 5-იც ძლივს დავამატებინე. არ მომქონდა, ვამბობდი, რომ 20 კაცს თუ მოვიმადლიერებ, იმდენ ხალხს მოვიმდურებ -მეთქი. რომ გენახათ, საგიჟეთი ატყდა მოსაწვევების გაცემაზე 31 დეკემბერს. კულტურის ცენტრში მოგვადგნენ და დაიტაცეს სათითაოდ, ზოგი მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, ზოგიც არ მახსოვს სახეზე ვინ მოვიდა. რიგში იდგნენ, გაგვტაცეს ხელებიდან. ერთი სიტყვით, ძალიან ქაოსურად დარიგდა. ვერც მივიტანდით დევნილების კორპუსებში. ამხელა დასახლებას 25 მოსაწვევი რომ ერგო, წარმოიდგინეთ ახლა იმდენი დევნილი ბავშვია, რას ეყოფოდა. ვინც მოასწრო და წაიღო, მაგათ შეხვდათ", - განმარტა მევლუდ ჩოხელმა.

Read 1334 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი