Back to Top
პარასკევი, 28 დეკემბერი 2018 15:53

ენმ: 2 მილიონი ლარი გორის მერიას გაუხარჯავი დარჩა

Rate this item
(0 votes)

საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", ვასილისა ჯაბახიძე გორის მერიის ანგარიშს ეხმაურება და თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არაეფექტურად მუშაობს.

ამის მაგალითად ოპოზიციის წარმომადგენელი იმ თანხას ასახელებს, რაც მისივე თქმით, ბიუჯეტში გასახარჯი დარჩა.  

"2 მილიონი ლარი გორის მერიამ ვერ დახარჯა, მაშინ როდესაც არაერთი პროექტი განსახორციელებელი დატოვა, მაგალითად, სადგურის საბავშვო ბაღის რამდენჯერმე ჩავარდნილი ტენდერის საკითხი დროულად არ გადაწყვიტა. ასევე ჩვენ ვიცით სხვა საბავშვო ბაღები, რომლებიც ნაქირავებ შენობაში არიან და არც ამ პრობლემას მოახმარა შემორჩენილი თანხა. სამაგიეროდ, სახელფასო ფონდიდან გამონახეს თანხები და საახალწლო ჯილდოები გამოუწერეს ასობით ადამიანს, და არა მართლაც იმ ადამიანებს, ვისაც ეკუთვნით, მაგალითად, საბავშვო ბაღის პერსონალს, რომლებსაც საქმიანობასთან შედარებით საკმაოდ დაბალი აქვთ ხელფასი. გორის მერიამაც და საკრებულომაც ფულადი წახალისება გასცეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ისედაც მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ მთელი წლის განმავლობაში და რომლებსაც ისედაც ახდენილი აქვთ ოცნება", - აღნიშნა ვასილისა ჯაბახიძემ.

რადიო "მოზაიკა" გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო განყოფილებას დაუკავშირდა. სამსახურის ხელმძღვანელმა, დალი ტლაშაძემ განაცხადა, რომ ორი მილიონი ლარი, რომლითაც ოპოზიცია აპელირებს, ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერებიდან გამოთავისუფლებული თანხაა, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში სხვადასხვა მუხლზე გადანაწილდება. რაც შეეხება საახალწლოდ გაცემულ ფულად ჯილდოს, მერიასა და საკრებულოს სახელფასო ფონდიდან ამ მიზნით 180 ათას ლარამდე გამოიყო და ის სულ 273 თანამშრომელზე გადანაწილდა. აქედან 20 საკრებულოს აპარატშია დასაქმებული, 253 კი მერიაში მუშაობს.

Read 811 times