თოვლი ადრე უფრო ბევრი იყო - ბავშვობის მოგონებები

თებერვალი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ქალაქში თოვლის მოსვლამ ბევრ ადამიანს საკუთარი ბავშვობა გაახსენა - ამბობენ, რომ წინათ ზამთარი მეტად მკაცრი იყო და თოვლიც უფრო უხვი. რადიო „მოზაიკა“ გთავაზობთ რამდენიმე ადამიანის მოგონებებს თოვლზე, ზამთარზე და ბავშვობაზე.

 

დაკო მურადაშვილი, 34 წლის:

მიყვარს თოვლი. ბავშვობიდან. მახსოვს, როგორი ბედნიერება იყო დილით ფანჯრიდან გადათეთრებული ეზოს დანახვა. სულ მშურდა იმის, ვინც პირველმა გაიარა და ნაკვალევი დატოვა. დიდხანს მინდოდ მეყურებინა ამ სითეთრისთვის, რომელიც მაშინ ჩემში სისპეტაკესთან ასოცირდებოდა. სკოლაში თუ ვიყავით და ამ დროს თოვდა, მახსოვს ის ადგილზე მოუსვენრობა, ზარის მოლოდინში რომ მეუფლებოდა. მერე მახსოვს, მეგობრები როგორ ვხალისობდით , ვგუნდაობდით.. შესვენების ხუთი წუთი რამდენ ბედნიერებას იტევდა. ის გათოშილი ხელებიც მახსოვს, კლასში შებრუნებულები ძლივს ანთებულ შეშის ღუმელზე რომ ვითბობდით. მაგრამ ეს სულ არ მეჩვენებოდა ტრაგედიად. მახსოვს ბავშვებით სავსე ეზოები. მამას აწყობილი ციგა და თბილი პლედი ზედ. ისეთი ბედნიერება იყო თოვლი მაშინ. ეხლაც ვიხედები ფანჯრიდან. თოვს და ვერავის ვხედავ გარეთ ბედნიერს. სამაგიეროდ, სოციალური ქსელი სავსეა თოვლის ფოტოებით და ვირტუალური რეაქციებიც, ფიფქის სმაილიკებით. გრძნობები და ემოციები ისეთი ბანალური გახდა, თითქოს რაღაც ყრუდ მტკივა შიგნით. მინდა, ჩემ შვილებს ბედნიერება დავუბრუნო. ვიგუნდაო მათთან ერთად და ციგით ვისრიალო. გაყინული ხელებით, რომლებსაც ჩახუტებით და კოცნით გავუთბობ.

dakooo

ეთერ სულეიმანაშვილი, 37 წლის:

წელს პირველად მოვიდა ისეთი თოვლი, როგორიც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. სამწუხაროდ, ბავშვები აღარ განიცდიან იმ სიხარულს, რაც ადრე ახლდა თოვლის მოსვლას. მე უდიდესი ექსტრემალი ბავშვი ვიყავი და ჩემი ციგაც საუკეთესო იყო. ტყესთან ახლოს მდებარეობს ჩემი სოფელი და ასეთ დროს უკვე საციგაო ტრასები გვქონდა გაყვანილი ტყიდან სოფლამდე. უცნაურია, მაგრამ საავადმყოფოში ყველა მცნობდა ჩემი ხშირი ტრავმების გამო. თოვლის მოსვლა ჩემთვის ბავშვების გარეთ გამოსვლას და ჟრიამულს ნიშნავს, რაც ამჯერად არ მოხდა.

ნათია ომაძე, 43 წლის:

თოვლი ბავშვობიდან მიყვარს და მგონია, რომ წელიწადის დროებს შორის თეთრი ზამთარი ყველაზე ლამაზია. სპეტაკი თოვლით დამძიმებული ხეები და გადათეთრებული მიდამოს ყურება ყოველთვის სიმყუდროვის და სიმშვიდის შეგრძნებას მანიჭებს. თოვლს ყველა ასაკში და ყველა დროში მოაქვს ხალისი და მხიარულება. ბავშვობაში გაუთავებლად გუნდაობ, ციგაობ და ლოყებაწითლებული ვერც გრძნობ, როგორ გეთოშება ხელ-ფეხი. უფროსობაში კი თოვლის მოსვლას მოულოდნელობები ახლავს თან. ამაყად მიმავალს შესაძლოა, უცებ გუნდა მოგხვდეს, შეურაცხყოფილი და გაბრაზებული აქეთ-იქით იხედები, რისხვა რომ ვინმეს დაატეხო თავს, მაგრამ უცებ ბავშობა გახსენდება, სიბრაზე ღიმილში გადაგდის და ასე აგრძელებ გზას. გალიპულ გზაზე შესაძლოა მოულოდნელად ფეხიც აგისრიალდეს და ზღართანიც მოადინო ძირს, მაგრამ ტკივილისგან გამოწვეულ ცრემლებს მაინც სიცილი ფარავს, რადგან ამაზეც ბავშვობა გიდგება თვალწინ. ზამთარი ჩემს ბავშვობაში ყოველთვის უხვთოვლიანი იყო. მუხლამდე თოვლი ყოველთვის იდო და ზოგჯერ უფრო მეტიც იყო. ერთხელ სკოლაში მიმავალი მახსოვს მამამ ზურგზე ამიკიდა და გზამდე ასე გამიყვანა, წელამდე გაუკვალავ თოვლში. ახლაც, როცა თოვლი მოდის მინდა, ისევ ბავშვობის სიხარული გავიხსსენო და შვილებთან ერთად ვგუნდაობ ან დავრბივარ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათადაა. იშვიათად მოდის თოვლი.

NATIA

ნათია ხაჩიური, 34 წლის:

ჩემს სოფელში ყველაზე ლამაზი და თბილი ზამთარი მოდიოდა. ახრისის ციდან განსაკუთრებით ლამაზი, თბილი და ქათქათა ფიფქები ცვიოდა. არ მეჩვენებოდა, მართლა ასე იყო. მაშინ თოვლიც ასე სწრაფად არ დნებოდა. ბავშვებს გართობის საშუალებას გვაძლევდა. სახლების სახურავებზე უზარმაზარი ყინულის ლოლოები ეკიდა, რომლებიც ჩურჩხელებს გვაგონებდა. მენატრება ბედნიერი ბავშვობა და თოვლიანი ზამთარი.

მაია ბოლაშვილი, 53 წლის:

აუცილებლად მივდიოდით შატალოზე გორის ციხეზე და იქ ვგუნდაობდით. მერე ჩვენი უმკაცრესი, პირველი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, უპატიოსნესი და უკარგესი ადამიანი, სკოლისა და ბავშვებისთვის თავგანწირული (თავად არ იყო გათხოვილი) რუსუდან ნაოჭაშვილი თავის ფეხით მოდიოდა და წაგვასხავდა ხოლმე ისევ სკოლაში. ზამთარი დადგებოდა, თუ არა, მთელ სკოლაში ნავთიან ნახერხს ყრიდნენ იატაკზე და გვთხოვდნენ,რომ პალტოები გაგვეხადა და გარდირობში ჩაგვებარებინა. თოვლი რომ მოდის, სულ ეს ამბები მახსენდება.

  

Read 2173 times Last modified on Last modified on თებერვალი 01 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი