ქორიძე: კომისიამ 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ 13 თვით შეუმცირა სასჯელი

ოქტომბერი 28 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ი.ნ.-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო.

"პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას გორში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანავუგრძნობ ბერიაშვილების ოჯახს.

ეს განცხადება განპირობებულია იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, რომელიც ახლავს გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტს. ამ ინფორმაციას ჩვენ რამდენიმე საათის წინ ან გუშინაც მოგაწვდიდით, მაგრამ, პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით კომენტარისგან, ვიდრე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ადამიანს არ წარედგინა ბრალი.

გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ი.ნ.-ს საქმე შეწყალების კომისიამ განიხილა 2016 წლის დეკემბერში.

ნებიერიძე სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე. მას მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.

ი.ნ.-ს საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე“, – აცხადებს ქორიძე.

მისივე თქმით, კომისიამ იმსჯელა და ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა დადებითი რეკომენდაცია.

"კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: ი.ნ.​-ს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც (2004-2007) გამოძიების ეტაპზე ი.ნ. ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი.

პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ი.ნ.​-ს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო“, – აცხადებს ზვიად ქორიძე.

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ბრალი დღეს წარუდგინეს. წარდგენილი ბრალის თანახმად, მას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

Read 1088 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი