Print this page

გორი-გაზმა დავალიანების გამო ბუნებრივი აირის ჩაჭრა დაიწყო

იანვარი 31 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორი-გაზის წარმომადგენლები, ბუნებრივი აირის ჩასაჭრელად, დღეს უკვე იმ ოჯახებში დადიოდნენ, რომლებსაც ენერგოომბუდსმენთან გაგზავნილ საჩივრებში ხარვეზი დაუფიქსირდათ და ჩასწორებული ვარიანტები აღარ გაუგზავნიათ.  ერთ-ერთი ასეთი აბონენტი სესილი მოსიაშვილია. მისი ოჯახი გაზის გამორთვას მას შემდეგ გადაურჩა, რაც საქმის კურსში სემეკის, ენერგო უფლებადამცველისა და გორი გაზის ადმინისტრაცია ერთდროულად ჩააყენა.

ბინა, რომელშიც ის ქირით ცხოვრობს, კოსტავასა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნუმერაცია ორივე ქუჩის მხრიდან მინიჭებული აქვს. მან განაცხადში აღმაშენებლის მხარე მიუთითა და ხარვეზიც აქედან წარმოიქმნა, რადგან სახლი საჯარო რეესტრში კოსტავას ქუჩით არის დარეგისტრირებული.  იქამდე, ვიდრე მან ხარვეზი გამოასწორა, სოკარის გორის ფილიალის წარმომადგენლებმა ბუნებრივი აირის გამორთვა ორჯერ სცადეს.

ხარვეზების შესახებ სალომე ვარდიაშვილმა გორელებს 25 იანვარს ამცნო და ხელახალი საჩივრების გადასაგზავნად დრო თვის ბოლომდე მისცა. 900-დან 260 აბონენტს საჩივარი შეცდომით ჰქონდათ შევსებული.

"სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებს იანვრის თვის დავალიანებაც უკვე მიუვიდათ. მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინეს და მესიჯებში მიმდინარე ჩვენებებთან  ერთად, დეკემბრის თვის მონაცემებიც ასახეს. მიუხედავად ამისა, დაანგარიშებული თანხები გორელებს ისევ არაადეკვატური ეჩვენებათ.

Read 6394 times