Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018 13:28

სამხარაძე: სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს

Rate this item
(0 votes)

საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი კახა სამხარაძე ხელმძღვანელობს.

ეს ინფორმაცია მან ოფიციალურად დაადასტურა. აღნიშნულთან დაკავშირებით რადიო „მოზაიკა“ 11 სექტემბერს წერდა, თუმცა მაშინ კახა სამხარაძემ განაცხადა, რომ შემოთავაზებაზე კონსულტაციებს გადის. დღეს მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანია ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. 

"ძალიან კარგი და გაწონასწორებული კამპანია აქვს ქალბატონ სალომეს, დაბალანსებული და ორიენტირებულია საქმეზე და არავითარ შემთხვევაში წინააღმდეგობასა და დაპირისპირებაზე. მოსახლეობის შეხვედრებიდან და წარმოებული კამპანიიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ ტურშივე უნდა მოვიგოთ", -აღნიშნა კახა სამხარაძემ. 

რადიო „მოზაიკას“ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებაზე, გუბერნატორის თანამდებობიდან შტაბის ხელმძღვანელად გადასვლასთან დაკავშირებით, სამხარაძემ ჯერ აღნიშნა, რომ ეს პირადად სალომე ზურაბიშვილის შეთავაზება იყო, მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ საქმიანობას განაგრძობს იქ, სადაც ხელმძღვანელობა მისი შესაძლებლობების საჭიროებას დაინახავს. 

"სალომე ზურაბიშვილს დიდი ხანია ვიცნობ და მან პირადად შემომთავაზა, რომ მის საარჩევნო შტაბს ვუხელმძღვანელო. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მიქმნის თუ არა დისკომფორტს გუბერნატორობიდან შტაბის ხელმძღვანელად გადასვლის საკითხი, გეტყვით, რომ ჩვენ კომფორტს არ ვითხოვთ. ვასრულებთ იმ სამუშაოებს, რა ადგილზეც ვართ. ეს ჩვეულებრივი ცვლილება იყო, ვემსახურებით ჩვენ ქვეყანას და როგორც ხელმძღვანელობა ჩათვლის საჭიროდ, იმ პოზიციაზე გადახვალ და იმუშავებ, ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს." - აცხადებს სამხარაძე.

კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნიას 2017 წლის მარტიდან ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური გაერთიანების "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კოორდინატორად მუშაობდა.

Read 1766 times Last modified on ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018 13:31