სოხუმელი მიტროპოლიტი: დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს

სექტემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია (ამირან გვაზავა) სოხუმიდანაა. სოხუმის XI საშუალო სკოლა დაამთავრა და სწავლა სამხედრო სასწავლებელში, ხარკოვის საავიაციო - საინჟინრო ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც ჯანმრთელობის გამო ვერ დაასრულა და სოხუმში 1988 დაბრუნდა.

აფხაზეთის ომის დროს მშვიდოებისმყოფელის მისიით იმყოფებოდა გაგრასა და გუდაუთაშიც. სამღვდელო შესამოსელი კი მხოლოდ ომის შემდგომ ჩაიცვა. განვითარებულ მოვლენებს 25 წლის შემდეგ იხსენებს და მთავარ საფრთხედ ახალი თაობის გაუცხოებას მიიჩნევს. 

"სამწუხაროდ, დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს, მოდის ახალი თაობა, რომელსაც გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. ეს იყო ძალიან ორგანული ურთიერთობა, რომელიც იწყებოდა ბაღიდან, სკოლიდან, სამეზობლოდან, ეზოდან, ქუჩიდან, ინსტიტუტიდან, ქალაქიდან და ასე ვიზრდებოდით. ხშირად ასეც ხდებოდა, უმეტეს შემთხვევაში, რომ ჩვენ არ დავინტერესებულვართ ერთმანეთის არც ეროვნებით არც გვარით. სოხუმი თავისი ურთიერთობით და სულისკვეთებით, რომელიც ტრიალებდა ამ ქალაქში, იყო უნიკალური. სოხუმის პირველი მშვენება არა მისი ლამაზი განლაგება, მთა თუ ყურე იყო არამედ - ადამიანები, თავისი ურთიერთობით. ალბათ, ჩვენ იმდენად ვიყავით ამ ყველაფრით განებივრებულნი, რომ ამის ფასი ვერ აღვიქვით სათანადოდ, თუმცა ეს რესურსი, რომელიც დღესაც არსებობს და ძალზედ გასაფრთხილებელია, არის გამოსაყენებელი. ომის შემდეგ რამდენიმე ადამიანთან(აფხაზებთან) მქონდა ურთიერთობა, სატელეფონო საუბარიც და შეხვედრაც შედგა, თუმცა გაუცხოება უკვე საგრძნობლად შესამჩნევია“, - ამბობს მეუფე ანდრია (გვაზავა).

სოხუმელი მიტროპოლიტი აფხაზეთის კონფლიქტს 2008 წლის აგვისტოს ომს ადარებს და ფიქრობს, რომ 10 წლის წინანდელი მოვლენების დროს მოქალაქეებში თვითშეგნების გაცილებით მაღალი დონე იკვეთებოდა.

"2008 წლის ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში მე დავინახე მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაცილებით მაღალი დონე, აფხაზეთთან შედარებით. ჩვენთვის სასირცხვილო ბევრ ფაქტს ჰქონდა ადგილი აფხაზეთში ომის დროს. იყო ძარცვა - გლეჯის, ყაჩაღობის ფაქტები და ამას აკეთებდა ქართული მხარე. განსხვავებული სურათი დავინახე 10 წლის წინ აგვისტოს ომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვის შედეგად სრულიად ადვილი ხელმისაწვდომი შეიძლებოდა ყოფილიყო, საკვები ობიექტები, მაღაზიები, ბანკები, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს რამე გაეძარცოს. ვფიქრობ, ეს ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებაზე მეტყველებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ისტორიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება და ანალიზი იმისა, რაც მოხდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომის დროს“, - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

Read 736 times Last modified on Last modified on სექტემბერი 27 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი