ქეთევან ციხელაშვილი: „ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი“

სექტემბერი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"დღეს კიდევ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს, პირველ რიგში მომავალი და ჩვენი საერთო ინტერესი - აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ“,- ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან გააკეთა, სადაც მათ ხსოვნას, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, პატივი მიაგო. 


"25 წელი გავიდა იმ საუბედურო კონფლიქტიდან, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო და რომელსაც, არც ქართველების და არც აფხაზების სახით, გამარჯვებული არ ჰყავს. რუსული მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიებზე დღეს ეს სრულიად აშკარა გახლავთ იმ მდგომარეობის გამო, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული რუსიფიკაციის ქრონიკა. 

"ათასობით ადამიანი დღესაც ამ ტკივილით ცხოვრობს. ეს ტკივილი არსად წასულა, არ განელებულა და იგი ერთნაირად სტკივა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. სტკივა იმ ადამიანებს, რომლებმაც ახლობელი დაკარგეს, იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოდევნეს და დღესაც ვერ ბრუნდებიან, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს რუსული ოკუპაციის პირობებში იმყოფებიან საკუთარ სახლებში, მაგრამ მომავლის, განვითარების პერსპექტივა და იმედი წართმეული აქვთ.

"მართალია, დღეს ბევრი რამ გვაშორიშორებს და პირველ ეს არის ხელოვნური მავთულხლართები და ბარიკადები, ისევე როგორც კონფლიქტის მწარე გამოცდილება, ტკივილი და 25 წლიანი გაუცხოება, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რამ გვაერთიანებს. აქ მხოლოდ ჩვენ ტრადიციულ - კულტურულ სიახლოვესა და შერეულ ოჯახებს არ ვგულისხმობ. პირველ რიგში ეს არის მომავალი და ჩვენი საერთო ინტერესი - აღარასდროს განმეორდეს მსგავსი რამ, აღარასდროს აღმოვჩნდეთ ჩათრეული პროვოკაციებში და მშვიდობიანი მომავალი გვქონდეს. მშვიდობიან მომავალზე ზრუნვა კი, თავის თავში აუცილებლად გულისხმობს დაპირისპირებების აღმოფხვრას, რაც მხოლოდ ჩვენი ხალხის დიალოგისა და შერიგების გზით მიიღწევა. ეს არის ჩვენი ხედვა და ერთადერთი გზა მომავლისკენ - ჩვენ აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

Read 675 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი