გორის დღესთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

სექტემბერი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

„მინდა ყველა მოგიწვიოთ გორის დღესასწაულზე. ძალიან დატვირთული და საინტერესო დღე გამოვა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას ეს დღე დიდხანს დაამახსოვრდეს. გვეყოლება სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. გელოდებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე.“ - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი.

დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მხარის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რეჟისორთან ერთად, ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც 30 სექტემბერს ღონისძიება გაიმართება. სახალხო სეირნობა 13:00 საათზე დაიწყება.

ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, აგროფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება შიდა ქართლში დაყენებული ღვინოების, თაფლის, ყველის, ჩირების, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა. ხალხური რეწვის ოსტატებისა, მხატვრების, ტატულაშვილის ორსაუკუნოვანი კერამიკის ნამუშევრების, მუზეუმების გამოფენები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც „გორის დღეს“ მოსახლეობას ელოდება.

გორის სახალხო დღესასწაული 30 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიშლება. ძირითადად დაიტვირთება კირიონ II - ის ქუჩა, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

რესტორანი ,, ბლექ სტარი“ გიმასპინძლებთ, როგორც ძველი სამიკიტნო, დაუკრავს მედუდუკეთა ანსამბლი და ხელსაყრელ ფასებში მოგემსახურებათ მიკიტანი და მისი მიმტანები, იმოგზაურებთ ძველ დროში.

ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, გაცოცხლდება ძველი თამაში ლახტი.

საბავშვო კუთხე შადრევანთან ელოდება პატარებს. ატრაქციონები, სახის მოხატვა, მსახიობები მთელი დღის მანძილზე ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ.
გორის ციხის ფერდობებზე განლაგებულ ფაცხებში წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათი. 

დაგეგმილია კლიპის პრეზენტაცია შიდა ქართლის შესახებ, რომელიც ჩვენი მხარის სავიზიტო ბარათი გახდება და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

30 სექტემბერს გორში სამი კონცერტია დაგეგმილი, წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები, ასევე თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები. ერისთავის თეატრში გაიმართება გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი.

საღამოს ღონისძიებებს ფეიერვერკი დაასრულებს.

Read 994 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი