რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

იანვარი 25 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: თათია გოგოლაძე


საბავშვო ბაღების გაერთიანების ყოფილმა თანამშრომლებმა საკუთარი უფლებების დარღვევაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეიტყვეს, რომ მათი ადგილები შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილის ახლობლებმა დაიკავეს. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ნოდარ მეტრეველის ძმის ცოლზე ანა ხორბალაძეზე, რომელიც ახალი გაერთიანების თანამშრომელი გახდა და ხორბალაძის დეიდა ნონა ოქროშიაშვილზე, რომელიც სკრის თემში, გორის მერის წარმომადგენლის ვახტანგ გიუნაშვილის მეუღლეა. ახალი კადრების დანიშვნის შედეგად კადრების სპეციალისტი ნონა ოსიტაშვილი და კვებისა და ჰიგიენის სპეციალისტი ნინო ბერკაცაშვილი 18 იანვრიდან სამსახურის გარეშე დარჩნენ.


"მიზეზს არ მეუბნებოდნენ. პირადად შევხვდი ბატონ კოტეს და მიზეზს არ ასახელებს. ასე რომ, არ ვიცი. ბრძანებას ველოდები, და მერე მე თვითონ გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს ნონა ოსიტაშვილი. 

როგორც რადიო "მოზაიკამ" გაარკვია, ერთ-ერთი გათავისუფლებული ოპოზიციური პარტიის, კერძოდ კი ,,შენების მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ბერკაცაშვილის ნათესავია.


„სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო. მე ელმენტარული სიტყვიერი შენიშვნაც არ მიმიღია და არანაირი გაფრთხილება არ მქონია. სხვა რა არგუმენტი უნდა იყოს?! პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს“, - გვითხრა ნინო ბერკაცაშვილმა. 


ნეპოტიზმს კატეგორიულად გამორიცხავს ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი. ლია კიოვზიაშვილი ამბობს, რომ კადრების დაკომპლექტებისას აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდა.

"თანაშრომლები რომ იყვნენ, იმათგან შევარჩიეთ. ერთადერთი დამლაგებელი მივიყვანეთ. სხვა - არავინ. ზოგადად, იმის მიხედვით შევარჩიეთ, თუ ვის რა კვალიფიკაცია ჰქონდათ და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ როცა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობ, უმაღლესი განათლება ბევრს ნიშნავს". 

გაერთიანების ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ნათესაურ კავშირს ადასტურებს თავად რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე. მეტრეველი განმარტავს, რომ ჩამოთვლილთაგან მისი ნათესავი მხოლოდ ანა ხორბალაძეა.

"ანა ხორბალაძე ჩემი ძმის მეუღლეა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ერთადერთი ჩემი ძმის მეუღლე არის იქ მხოლოდ და მხოლოდ. არ მაქვს უფლება, რომ დეტალები გითხრათ ამ პიროვნებაზე. ჩემი რეკომენდციით ეს ადამიანები არ დასაქმებულან".

ოფიციალური დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ გათავისეფლებული თანამშრომლები უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებენ. მერის მოადგილე კი ვარაუდობს, რომ რეორგანიზაციის პროცესში ამ ადამიანებისთვის შესაძლოა სამუშაო ადგილები გამოინახოს.

"ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის დასასრული. დანიშვნები არ დამთავრებულა. დანიშვნები გრძელდება. ალბათ სადღაც მოიაზრებენ. ისე რომ დარჩა ხალხი უმუშევარი, არაა ასე. ნელ ნელა ხდება დანიშვნა", - გვითხრა ეკა სუხიშვილმა. 

Read 2448 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი