გარდაცვლილი სერჟანტის, ბესიკ კაპანაძის დედის ჩანაწერები კრებულად გამოიცემა

აგვისტო 10 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გარდაცვლილი სერჟანტის, ბესიკ კაპანაძის დედის ჩანაწერები და ლექსები კრებულის სახით გამოიცემა. ტექნიკურ საკითხებს კი ორგანიზებას მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" გაუწევს.

ინიციატივის განხორციელებას მხარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სარეზერვო ფონდი უჭერს. განცხადება ამის შესახებ  ქარელში, ოკუპაციის მუზეუმის გახსნისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.ღონისძიებას ბესიკ კაპანაძის მშობლებიც ესწრებოდნენ. გარდაცვლილის დედამ ბესიკ კაპანაძის ჩანაწერები და ლექსები წაიკითხა.

ბესიკ კაპანაძე 1980 წლის 25 აგვისტოს გორში დაიბადა, 2008 წლის 8 აგვისტოს დაიღუპა, ცხედარი კი ქარელშია დაკრძალული. ის სახლიდან 2 აგვისტოს გავიდა, დედას კი ტელეფონით უკანასკნელად გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე ესაუბრა. 

,, 6 აგვისტოდან ტელევიზიით ვიცოდი უკვე რაღაცები, მაგრამ ბესიკს რომ ვეკითხებოდი რა ხდება მეთქი, არაფერს მეუბნებოდა. გორში 7 აგვისტოს ჩაიყვანეს. ჩემმა უფროსმა ბიჭმა და რძალმა ნახეს. ჩემი რძალი იხსენებს, საოცარი შემართებით იყოო… სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, 8 აგვისტოს მატყუებდა ტყვიავში ვარო. დილით, როდესაც ველაპარაკე, ტელეფონში მესმოდა საშინელი სროლების ხმა. ნუ გეშინიაო მეუბნებოდა და თან გაიცინა, ცდილობდა, რომ ამ სიცილით ვენუგეშებინე. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი…. ეს იყო მისი ბოლო სიცილი და ეს სიცილი ჩამრჩა ყურში… ერთი საათის შემდეგ რომ დავურეკე, უკვე გათიშული ჰქონდა ტელეფონი… მძიმედ დაიჭრა… დაჭრილები გამოჰყავდა ბესიკს, ერთი ბიჭიც გადაურჩენია, რამაზი ერქვა. ამ ბავშვმა მითხრა: ბესიკმა მე გადამარჩინა და თვითონ დაიღუპაო… დაჭრილები გამოჰყავდა ისევ, წვიმდა, უთქვამს, ყველა უნდა გამოვიყვანოო, მაგრამ ვეღარ მიაღწია  დაჭრილამდე… ის რამაზი შედიოდა თურმე, ბესიკს უთქვამს, გამოუცდელი ხარ, მე შევალო, ამ დროს კასეტური ბომბი აფეთქებულა, ბესიკს ამ ბიჭისთვის ხელი უკრავს, გადაუგდია და ასე გადაურჩენია სიკვდილს. თვითონ ნამსხვრევები მარცხენა ფერდში და თავში მოხვედრია… სიკვდილის წინ კიდევ ჩვენ გვამხნევებდა, ნუ გეშინიათო და ასე დახუჭა თვალებიო… გვეუბნებოდა: წადით, მე ნუ მომაქცევთ ყურადღებასო… წამოუყვანიათ ჰოსპიტალში, მაგრამ გზაში დაღუპულა"-იხსენებს კაპანაძის დედა. 

გარდაცვლილი პოლიციის სერჟანტის შესახებ იფნფორმაცია და ფოტოები ქარელის ოკუპაციის მუზეუმშია განთავსებული. საგამოფენო სივრცე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, პროექტის "ოკუპაციის მუზეუმები შიდა ქართლში" ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც რეგიონში მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" ახორციელებდა. 

 

Read 800 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი