Back to Top
სამშაბათი, 10 ივლისი 2018 12:06

ერგნეთში IPRM-ის რიგით 88-ე შეხვედრა მიმდინარეობს

Rate this item
(0 votes)

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმეა.

ქართული მხარე ტატუნაშვილის ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე ისაუბრებს, რომელიც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნაშია ასახული და ტატუნაშვილის წამების ფაქტზე მიუთითებს. ამის შესახებ შეხვედრის დაწყების წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.

ანთაძის განცხადებით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია არ გახდება შეხვედრის ჩაშლის მიზეზი და ქართული მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად არის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის წინა შეხვედრაზე დე ფაქტო რეჟიმს ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემაზე კონკრეტული პასუხი არ ჰქონია.

"დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. მზად ვართ, ყველა ფაქტზე ვისაუბროთ კონსტრუქციულად. რა თქმა უნდა, არის წითელი ხაზები. არსებობს კონსოლიდირებული პოზიცია ცალკეულ საკითხებზე. რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, ამაზე კომენტარები უკვე გაკეთდა. თუ შეხვედრის მონაწილეები წამოჭრიან ამ საკითხს და გაუჩნდებათ კითხვები, მზად ვართ, პასუხი გავცეთ. ასევე, ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებულ ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყების წინ ირაკლი ანთაძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე ათი საკითხია განსახილველი, ერთ-ერთი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. ასევე, საუბარი შეეხება ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის შემთხვევებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს.

 

Read 1539 times Last modified on სამშაბათი, 10 ივლისი 2018 14:21