ადამიანის უფლებათა ცენტრი სოფელ ტახტისძირში ორი ქალის მკვლელობის დროულ გამოძიებას მოითხოვს

მაისი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ადამიანის უფლებათა ცენტრში მიაჩნიათ, რომ  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილის საზარელი მკვლელობის საქმის გამოძიება ჭიანურდება.

ამ თემასთან დაკავშირებით, პირველ ივნისს, 11:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი, პრესკონფერენციას გამართავს.

"თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც 2017 წლის 11 ივნისს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირ(ებ)მა სოფელ ტახტისძირში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დედა-შვილი ნ. ჯ. და მ. ჯ. მოკლა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებისა, ორი ქალის მკვლელის ვინაობა გამოძიებისათვის უცნობია".-  აცხადებენ ორგანიზაციაში

 
2017 წლის 20 ივნისს მკვლელობის იარაღი ამოღებული იქნა სოფელ ტახტისძირში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის ო.ბ.-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან. მისივე სახლიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება. იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებას არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულება ო.ბ.-თვის მკვლელობის ბრალდების წარსადგენად, საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სისხლის სამართლის საქმე იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით, რაშიც ბრალი წარედგინა სწორედ ო.ბ.-ს. იმ შემთხვევაში, თუკი ო.ბ.-ს სასამართლო დამნაშავედ ცნობდა აღნიშნულ ბრალდებაში, პროკურატურა გეგმავდა, მისთვის მკვლელობის ბრალდებაც წაეყენებინა.


"საქმეში არაერთი მოწმე ადასტურებდა, რომ ო.ბ.-ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ მკვლელობის ფაქტის გახმაურებისას, 2017 წლის 13 ივნისს, ო.ბ.-მ მათ განუცხადა, რომ რაც საბრძოლო მასალა და იარაღი გააჩნდა, გადამალა. ო.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულია არაერთი გასროლილი მასრა, მათ შორის - მიწის შრეებიდან. მასრები გასროლილია იმავე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რითაც ჩადენილია მკვლელობა. იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია ო.ბ.-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან, სადაც ის იყო მიწაში დაფლული, ხოლო ასაფეთქებელი ნივთიერება მისი სახლის სარდაფიდან. საცხოვრებელი სახლიდანვე ამოღებულია იარაღის ვაზნები, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალას".

ადამინაის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ დედა-შვილის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი თავისუფალია: 


"მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, 2018 წლის 21 მარტს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ო.ბ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა გარემოება, რომ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე არ იყო ბრალდებულის დნმ, ასევე საქმეში არ იყო მოწმის ჩვენება, რომელიც იქნებოდა უშუალო თვითმხილველი თუ როგორ ჩაფლა ო.ბ.-მ იარაღი და საბრძოლო მასალა საკუთარ მიწის ნაკვეთში.


დღეის მდგომარეობით, დედა-შვილის მკვლელი თავისუფალია და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. შიშის ქვეშ არის სოფელ ტახტისძირში მცხოვრები მოსახლეობა. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევს გარდაცვლილი ნ. ჯ. შვილსა და გარდაცვლილი მ. ჯ.-ს დას - ჯ. ჯ-ს
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა როგორც პროკურატურას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით და მოითხოვა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ანაბეჭდებისა და დნმ-ის ნიმუშების იდენტიფიცირება. საქმეზე ჩატარებულია არაერთი ექსპერტიზა, მაგრამ დღემდე არ არის დადგენილი, ვის ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ანაბეჭდები და დნმ-ის ნიმუშები."

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:


• საქართველოს პროკურატურას და შსს-ს, გაატარონ დროული და ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები სოფელ ტახტისძირში მოკლული ორი ქალის საქმის გასახსნელად და დამნაშავის დასადგენად. 
• თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლის წარმოებაში არის საქმე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით - ობიექტურად შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება- ნათქვამია ადამიანის უფლება ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

Read 920 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი