რედაქციის მოკლე სიტყვა

დეკემბერი 31 2017 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

 

რეკავს ტელეფონი, ოღონდ ნერვიულად - არა, მაგიდაზე დევს და თავისთვის ვიბრირებს. შუადღის ორი საათია. ვპასუხობ.
- შენ ის დრო გახსოვს? - ჩვენი ტექნიკური რედაქტორის ხმაა.
- რომელი?
- ტიპები ტელეფონზე რომ ურეკავდნენ ვიღაცას და მუსიკას ასმენინებდნენ.
- ვახ, რამ გაგახსენა?
- მოიცადე, - მეუბნება და ჩუმდება. რამდენიმე წამში, მისი ხმის ნაცვლად, რაღაც მუსიკა მესმის. აი, ახლა საღლიცინოდ გვცალია-მეთქი, ვფიქრობ და ის ისაა, რამე საწყენი უნდა ვუთხრა, ყურში ჩამძახის, - შენ ახლა ჩვენს რადიოს უსმენ.
ტელეფონს ვთიშავ თუ არა, ყველანი რადიო მიმღებთან ვგროვდებით, ჩვენს რადიოს პირდაპირ ეთერში ბედნიერი სახეებით ვუსმენთ და ამ ამბავს ერთმანეთს ვულოცავთ. 25 დეკემბერია. შობა.

მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ, როგორ მოგვეყოლა თქვენთვის ჩვენი და ჩვენი რადიოს ამბავი. რა თქმა უნდა, იყო ვარიანტი, გონება დაგვეძაბა და ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით გაძეძგილი გაპრანჭული ტექსტით აგვეხსნა, რას და რატომ ვაპირებთ. თუმცა ეს ვარიანტი დიდი სჯა-ბაასის გარეშე უარვყავით და მოკლედ, უბრალოდ და უშუალოდ საუბარი ვარჩიეთ.


გვინდა, იცოდეთ, რომ “მოზაიკა” არის პირველი სათემო რადიო გორში, რომელსაც 2 წელი რამდენიმე დღის წინ, 24 დეკემბერს შეუსრულდა. ეს პირველი დაბადების დღე იყო, რომელსაც დამშვიდებულები შევხვდით, რადგან ნოემბერში იმ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რადიოს განვითარების, თქვენთან ურთიერთობის და წინ წასვლის საშუალებას გვაძლევს.


დასამალი არ არის, რომ ამ პროექტამდე მარტივად არ მოვსულვართ. ორი პარტნიორი ორგანიზაცია “სტუდია რე” და “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) რომ არა, აქამდე ვერც მოვაღწევდით. მოკლედ, ნდობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ!


რაღაც პერიოდი ენთუზიაზისტები რომ ვიყავით, სხვადასხვა მიმართულებით სასარგებლო საქმეების გაკაეთებას რომ ვცდილობდით და იმედს არ ვკარგავდით, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ. ამის დრო მერეც გვექნება. ახლა კი, რამდენიმე სიტყვას მიმდინარე პროექტზე გეტყვით:


არსებოს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია “European Endowment for Democracy” (EED), რომელმაც ჩვენი პროექტი “თემის ხმა” დააფინანსა და დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა ხელის გულზე დაგვისვა. ალბათ ჩვენი მთავარი მიზანი რთული გამოსაცნობი არ არის - გვინდა, რადიოს დახმარებით, თემში ისეთი სამოქალაქო ერთობის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, რომელიც საკუთარი ინიციტივით მოახდენს პრობლემების იდენტიფიცირებას, იგრძნობს სოციალურ პასუხისმგებლობას და სასიკეთო ცვლილებებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ეცდება. (ამ ბრტყელ-ბრტყელ ფრაზებს მაინც ვერ ავუარეთ გვერდით. ამ ტექსტში იგივეს აღარ გავიმეორებთ, გპირდებით.)


მიზანი რომ დიადი გვაქვს და ნათელი, წყალი არ გაუვა, თუმცა წარსულს მიბარებული არა-ერთი დიადი და ნათელი მიზნისგან განსხვავებით, ჩვენ სასარგებლო და, რაც მთავარია, რეალურ საქმეს ვეჭიდებით. სასურველი შედეგის მისაღებად კი 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ - ჩვენ ძალიან ახლოს ვიქნებით თქვენთან და გვგონია, ამას სულ მალე უთქმელადაც იგრძნობთ.


“გორის სათემო რადიო “მოზაიკა” - აქ თქვენი ხმა ისმის”, - შეგახსენებთ ხოლმე FM 97.8-ზე და ჩვენს საეთერო ბადეში ადგილს ყოველი თქვენგანის ამბისთვის მოვძებნით.


და რაც მთავარია, ჩვენ მუდმივად გაგიმეორებთ, რომ სამყარო მრავალფეროვანია, და რომ მთავარი ღირებულება ადამიანია.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გახსოვდეთ, რომ არსებობს “მოზაიკა”, რომელიც მზად არის მოგისმინოთ და საჯაროდ საუბრის საშუალება მოგცეთ.

 

 

საუკეთესო სურვილებით,
გორის სათემო რადიო “მოზაიკას” რედაქცია


  

Read 3456 times Last modified on Last modified on იანვარი 04 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი