Back to Top
კვირა, 20 სექტემბერი 2020 12:38

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ძევერაში იმყოფებოდა

Rate this item
(0 votes)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც  პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

 

სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში კომპანიამ „აგროქართლი“ ვაშლის ბაღი 10 ჰექტარზე 2017 წელს გააშენა. კომპანიამ  ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100,000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „აგროქართლი“  2020 წელს  200 ტონამდე ვაშლის მოსავალს ელოდება,  მათ  უკვე 30 ტონაზე მეტი ვაშლის  ექსპორტი მოახდინეს.  კომპანია სეზონურად 60-მდე  ადგილობრივს ასაქმებს.

 

ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის,  რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ  ბაღში მისმა   მეპატრონეებმა უკვე მიიღეს მოსავალი, რომელიც ექსპორტზე გავიდა მეზობელ ქვეყნებში.  დღეისათვის,  საქართველოდან  უკვე 1000 ტონაზე მეტი ვაშლია ექსპორტირებული. ვფიქრობ, რომ  წელს ძალიან დიდი წარმატება გვექნება ამ მიმართულებითაც, ისევე როგორც  სხვა კულტურებში“ – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

 

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამას „დანერგე მომავალი“  სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Read 153 times