Back to Top
სამშაბათი, 11 აგვისტო 2020 16:13

გიორგი ხოჯევანშვილმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - ერთიანი საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

 

შინდისში, გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო და ომში გმირულად დაღუპული ზურაბ ტატულაშვილისა და ძმებ გელა და გიორგი რომელაშვილების ოჯახები მოინახულა.

 

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ეს არის უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე იმკის, მათ შორის ბორდერიზაციის სახით. ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია, თუმცა ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკითა და განვითარების გზაზე სიარულით აუცილებლად მივალთ სასურველ შედეგამდე, რადგან არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო", - გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.