Back to Top
ორშაბათი, 10 აგვისტო 2020 16:09

შაკო ხიზანიშვილი - ისტორიაში ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი გორიდან

Rate this item
(1 Vote)

შაკო ხიზანიშვილმა ისტორიაში მასქიმალური 60 ქულა აიღო. მან გორის მე-9 საჯარო სკოლა დაამთავრა და საერთაშორისო სამართლის შესწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში აპირებს.

 

„ჩემი წარმატება, პირველ რიგში, საგნის დიდმა სიყვარულმა განაპირობა. ისტორია ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საგანი იყო და ყოველთვის საფუძვლიანად ვსწავლობდი. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი ჩემი სკოლის მასწავლებელს მიუძღვის. მისი დამსახურებაცაა და იმ შრომის შედეგისაც, რომელსაც წლების განმავლობაში ვდებდი. აუცილებლად მინდა გამოვყო ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით, მამაჩემის მხარდაჭერა, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგა. ასევე, დიდი იყო კლასელების, სკოლის, დამრიგებლის თანადგომა. მათგან დიდ სითბოს ვგრძნობდი. იურისპრუდენცია ძალიან მომწონს. თავიდანვე ამ სფეროში მოღვაწეობა მინდოდა. საერთაშორისო განხრა კი მეტ შესაძლებლობას მაძლევს საზღვარგარეთ გავიდე და ჩემი თავი იქაც წარმოვაჩინო“, – აცხადებს შაკო.

 

მისი თქმით, აბიტურიენტების პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ტესტი გაუჭირდათ, არ უკვირს. მიუხედავად იმისა, რომ შაკოს აზრით იქ არაპროგრამული არაფერი ყოფილა, დასძენს, რომ არაერთი საკითხი არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნას, არამედ მათზე ლოგიკურ მსჯელობასა და ნიუანსების სრულ გააზრებას მოითხოვდა.

 

„ტესტები ნამდვილად არ იყო რთული, არაფერი ყოფილა ისეთი, რაც სკოლაში არ გვისწავლია. თუმცა, რა თქმა უნდა, იყო საკმაოდ გასააზრებელი კითხვები, რომელთაც შედარებით დიდი დრო სჭირდებათ. ახალი არაფერი იყო, მაგრამ პროგრამის საფუძვლიან ცოდნას მოითხოვდა. ვფიქრობ, ბევრს იმიტომ გაუჭირდა, რომ თარიღებთან ერთად საჭირო იყო ფაქტებს შორის ლოგიკური ჯაჭვის დადგენა. ისტორიის ტესტებში, ბოლო წლებში, ეს ტენდენცია მოდის – უფრო ლოგიკურ აზროვნებასა და მსჯელობაზეა დაფუძნებული და ამას საკმაო დრო მიაქვს. შესაბამისად, ხანდახან შედეგი ისეთი არ არის, როგორსაც ელიან", – გვეუბნება შაკო.

Read 849 times