Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 04 ივლისი 2020 12:02

მეჯვრისხევში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზაფხულის დადგომისთანავე სასმელი წყლის მიწოდება შეეზღუდათ. ხელისუფლება პრობლემის გადაჭრას ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებით გეგმავს. 

 

"დღე გამოშვებით მაინც მოდიოდა ადრე, თუმცა ისიც ძალიან მცირე რაოდენობით, ყველას ​"მატორები" გვაქვს სახლში ამის გამო. მაგრამ ახლა, შეიძლება კვირაში ერთხელაც არ მოვიდეს და ძალიან ცუდ დღეში ვართ. ყოველ წელიწადს ეს პრობლემა გვაქვს და არავინაა ჩვენი პატრონი", - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

 

მეჯვრისხეველების პრობლემის შესახებ იციან ადგილობრივ ხელისუფლებაშიც, როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, წყლის შეწყვეტა სოფლის ერთ ნაწილში, დავალიანების დაგროვებამ გამოიწვია.

 

"დავალიანება იყო დასაფარი და ჩვენ უკვე მივმართეთ შუამდგომლობით წყლის კომპანიას. დღეს აღდგება წყლის მიწოდება დიდი მეჯვრისხევის მაცხოვრებლებისთვის, უკვე გაშვებულია და რეზერვუარები ივსება. სამწუხაროდ სხვა სახის პრობლემაც გვაქვს, რაც სასმელი წყლის მიწოდებას ხელს უშლის და ეს თავად მოსახლეობისგან მოდის, ზოგიერთ უბანში სასმელ წყალს ბაღების მოსარწყავად იყენებენ და ამიტომ სოფელს წყალი აღარ ჰყოფნის. იგეგმება, რომ მოხდეს ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება და ამის შემდეგ მოგვარდება ეს პრობლემაც", -გვითხრა ლექსო ბუჯიაშვილმა

Read 215 times