Back to Top
შაბათი, 25 იანვარი 2020 15:39

ეკონომიკური განვითარების ოფიცერი - რატომ შექმნა ეს პოზიცია გორის მერიამ

გორის მუნიციპალიტეტს ჰყავს ეკონომიკური განვითარების ოფიცერი. ეს პოციზია მერიის ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში არსებობს და ის ევროკავშირის რეკომენდაციით შეიქმნა.

 

„მუნიციპალიტეტის მერიაში არ არსებობს სპეციალური განყოფილება, რომელიც უშუალოდ ბიზნეს სექტორთან ურთიერთობაზე იქნება ორიენტირებული და გასცემს ინფორმაციასა და გასწევს კონსულტაციებს, არა მხოლოდ პირადი შეხვედრების, არამედ მასობრივი საშუალებებით”, - წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკავშირის სამდივნომ გორის მერიისთვის მოამზადა.

 

დოკუმენტი პრობლემების კვლევასთან ერთად, იმ რეკომენდაციებსაც მოიცავს, რომელიც გორის მერიას მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისთვის მისცა.

 

 

 

როგორც მერიაში ამბობენ, სწორედ ამ დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს“ დაემატა ეკონომიკური განვითარების ოფიცრის პოზიცია და ეს თანამდებობა ზაურ როსტომაშვილმა დაიკავა.

 

„ევროკავშირის ინიციატივის, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ კლუბში გორის მუნიციპალიტეტის გაწევრიანების შედეგად ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში შექმნილი „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა 2019-2020“ (LEDP) ითვალისწინებდა გორის მუნიციპალიტეტში ბიზნესთან ურთიერთობის ოფიცრის პოზიციის შექმნას”, - გვითხრეს მერიაში.

რადიო „მოზაიკა“ დაინტერესდა, კონკრეტულად რა მოვალეობები აკისრია როსტომაშვილს. მერიის ცნობით, ეკონომიკური განვითარების ოფიცერს ევალება:

 

1. დაამყაროს თანამშრობლობითი ურთიერთობა ბიზნესის წარმომადგენლებთან და შექმნას ეფექტური საკომუნიკაციო მექანიზმი;
2. უზრუნველყოს ინფორმაციის მოძიება და მუდმივი განახლება მუნიციპალიტეტში მოქმედი მეწარმეების/საწარმოების შესახებ;
3. იზრუნოს ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ლობირებაზე მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე;
4. უზრუნველყოს ბიზნესის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრების ორგანიზება;
5. იზრუნოს დამწყები და მცირე მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობაზე ინფორმაციის მიწოდების და კონსულტაციების გაწევის გზით;
6. მოიძიოს ინფორმაცია ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე არსებული ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების და პროექტების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისთვის;
7. მინიმუმ კვარტალში ერთხელ გამართოს საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან;
8. აწარმოოს გამართული შეხვედრების ჩანაწერები ოქმის სახით;
9. წარმოადგინოს კვარტალური ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ.

 

ზაურ როსტომაშვილი ამ მოვალეობების შესრულებას 2019 წლის ნოემბერში შეუდგა. რადიო „მოზაიკას“ კითხვაზე, რა სამუშაოები გასწია დღემდე ოფიცერმა, გორის მერიამ ასე გვიპასუხა:

 

„ამ დროისათვის, ბიზნესთან ურთიერთობების ოფიცერი მუშაობს მეწარმეობით დაინტერესებული პირების უნარების გაძლიერებისთვის სასარგებლო ღონისძიებების გასამართად, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოსთან და თბილისის ბიზნესის აქსელარატორ „სპარკთან“, რომელთა მხარდაჭერითაც იგეგმება მეწარმეთა/მეწარმეობით დაინტერესებულთა უნარების ასამაღლებელი ღონისძიებების (ტრენინგი, სემინარი, საინფორმაციო შეხვედრა) გამართვა.

 

ბიზნესთან ურთიერთობის ოფიცერმა შეიმუშავა სატრენინგო მოდული საშუალო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის და მომდევნო კვირიდან იწყებს ტრენინგების ჩატარებას გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში. აღნიშნული ტრენინგი მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გაეცნონ ბიზნესის დაწყების ძირითად საფუძვლებს და მიიღონ საბაზისო ინფორმაცია მეწარმეობის შესახებ.“

 

დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც გორის მერიამ ახალი პოზიცია შექმნა, „გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა“ ჰქვია და ის იმ აქტივობებსაც მოიცავს, რომელიც ხელისუფლებამ 2019-2021 წლებში მუნიციპალიტეტის ეკოომიკური განვითარებისთვის უნდა განახორციელოს.

 

 

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1864 times Last modified on შაბათი, 25 იანვარი 2020 15:55