Back to Top
შაბათი, 06 მარტი 2021 18:05

გორში, 13 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

Rate this item
(0 votes)

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზ.მ.- მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

"საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისაძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად.

პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

ინფორმაციისთვის, სამართალდამცავებმა ზ.მ. 19 თებერვალს დააკავეს. 21 თებერვალს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Read 293 times