Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 22 მაისი 2020 13:27

გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების თარიღი ისევ უცნობია

როდის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ეს ის ძირითადი კითხვაა, რომელსაც გორელები ყველაზე ხშირად სვამენ. მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ტაქსით გადაადგილებისთვის საჭირო თანხა არ აქვთ, რის გამოც, სოფლიდან ქალაქის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

"საიტერესოა, როდემდე არ აპირებენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენას, სხვა თუ არაფერი ექიმთან უნდა ადამიანს თბილისში წასვლა, ვისაც მანქანა არ ჰყავს, შესაბამისად, ფულიც არ ექნება ტაქსით რომ წავიდეს, რადგან ორ კაცზე მეტი არ შეიძლება, წასვლა-წამოსვლა 50 ლარი ჯდება" , - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში მცხოვრები თინათინ ქოქაშვილი.

 

გორის სატრანსპორტო კომპანია "ბუქოს" დირექტორი ზურაბ ჭეჭელაშვილი ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1-ლი ივნისიდან ამუშავდება, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეა დამოკიდებული.

 

 

 

"იმედი მაქვს 1-ლი ივნისიდან შევძლებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას. მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ამას, თუმცა ეს ყველაფერი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, რის შემდეგაც, მთავრობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. რეკომენდაციები, რომლის დაცვაც მგზავრებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შემდეგ მოუწევს, ეტაპობრივად გახდება ცნობილი, თუმცა პირბადის ტარება და და სოციალური დისტანცია დიდი ალბათობით, სავალდებულო იქნება" , - განმარტავს ზურაბ ჭეჭელაშვილი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჯერ აამუშავებენ.

 


 

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამხელა რისკში შევდივართ, როდესაც მოსახლეობას ვეუბნებით, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ჯერ ვერ ავამუშავებთ. გასაგებია ეს ყველაფერი, მძიმეა, უდიდესი დისკომფორტია, მაგრამ მეორე მხრივ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს პირობებში არის ერთ-ერთი ყველაზე რისკის შემცველი გავრცელება" , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების თარიღი ჯერჯერობით, კვლავ უცნობია.