Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 აპრილი 2020 14:40

გორში დროებითი სანოტარო ბიურო ამოქმედდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის გორში, მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო.

 

1 აპრილიდან დროებითი სანოტარო ბიუროები ამოქმედდა თბილისში, თუმცა გორის მოსახლეობისთვის ნოტარიუსის მომსახურების მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში შეზღუდული იყო.

 

გორელები სოციალურ ქსელში აქტიურად სვამდნენ კითხვებს იმის შესახებ, მუშაობდა თუ არა ქალაქში რომელიმე ნოტარიუსი.

 

 

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის, მარიკა გოგოლაძის თქმით, გორში დროებითი სანოტარო ბიურო იუსტიციის სახლში ამოქმედდა, თუმცა მხოლოდ დილის 8 საათიდან 14:00 საათამდე.

 

"როგორც ცნობილია, სანოტარო ბიუროების დიდი ნაწილი ფუნქციონირებს საცხოვრებელ სახლებში მოწყობილ ფართებში, რის გამოც სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქეებს უწევთ მოსახლეობასთან კონტაქტი. დროებითი სანოტარო ბიუროების ადგილმდებარეობა კი სრულად გამორიცხავს ამგვარ შემთხვევით შემხებლობას სხვა მოქალაქეებთან და იცავს ყველა მხარეს არასასურველი სოციალური კონტაქტისაგან. ნოტარიუსები იმუშავებენ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით" , - განმარტა მარიკა გოგოლაძემ.

 

 


საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად იმუშავებს  ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი (2 206 776; 2 206 777), მოქალაქეებს შეუფერხებლად შეეძლებათ, აგრეთვე ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღება დისტანციურად; ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.